მეორე შეხვედრა დამოუკიდებელ ექსპერტებთან

26 მარტს, 11 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დარბაზში გაიმართა შეხვედრა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადებაში მონაწილეობით დაინტერესებულ გარე ექსპერტებთან.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: ეკოლოგიური აკადემია (ბ-ნი გიორგი მახარაძე), ეკოლოგიური უსაფრთხოების საზოგადოება (ბ-ნი ზურაბ ცქვიტინიძე), სამეცნიერო ასოციაცია "ეკოთექი" (ბ-ნი თემურ ვეკუა), ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ-ნები ნინო ქოქიაშვილი და მარინა გახუტიშვილი), CENN (ნინო თევზაძე), საქართველოს მწვანეთა მოძრაობა (ბ-ნი პავლე ცაგარეიშვილი). სამინისტროს მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამმართველო (მაია ჯავახიშვილი და თორნიკე ფულარიანი), საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო (მაია ვაშაკიძე), წყლის რესურსების მართვის სამმართველო (მარინა მაკაროვა), მიწის მართვის სამმართველო (ბენო გელუტაშვილი), ჰაერის მართვის სამმართველო (ნოე მეგრელიშვილი), გეოლოგიის სამმართველო (ივანე შველიძე), საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური (თემურ სუხიტაშვილი), გარემოს ეროვნული სააგენტო (მარინე არაბიძე, თამარ მაღლაკელიძე, გულჩინა კუჭავა). შეხვედრას ესწრებოდნენ კონსულტანტები ტომ სტეფორდი (EPA Ireland) და ლია თოდუა (CSRDG).

გაიმართა მსჯელობა მოხსენების ცალკეული ნაწილების პროექტებზე წარმოდგენილ შენიშვნებთან დაკავშირებით:
  • განიმარტა ბ-ნი გიორგი მახარაძის შენიშვნა იმის თაობაზე, რომ სააგენტოს დიაგრამა მტკვარში მეტალების კონცენტრაციის თაობაზე არ შეიძლება სწორი იყოს. საქმე იმაშია, რომ 7-8 pH მქონე მდინარეებში ფუძე მეტალები ძალზედ მალე ილექება და იონის კონცენტრაციამ დიაგრამებში მითითებულ მნიშვნელობებს შეიძლება მიაღწიოს მხოლოდ უაღრესად სერიუზული ზემოქმედების შედეგად (რაც თავის მხრივ მთლიანად გაანადგურებდა თევზებს, მოწამლავდა გარემოს, ანუ იოლად შესამჩნევი იქნებოდა). შესაძლოა მეტალების კონცენტრაციის მაღალი მნიშვნელობები გამოწვეული იყოს სინჯების არასათანადო გაფილტვრით, რის შედეგადაც სინჯებში არა მარტო გახსნილი, არამედ გამოლექილი მეტალებიც მოხვდა. გარემოს ეროვნულმა სააგენტოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გადაამოწმებენ თავიანთ მონაცემებს ამ შენიშვნის გათვალისწინებით.
  • განხილული იქნა ბ-ნ თემურ ვეკუას მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია გარემოს მონიტორინგისას გამოყენებული გაზომვების მეთოდოლოგიისა და გამზომი აპარატურის შესახებ. ქ-ნმა მარინე არაბიძემ გააკეთა პრეზენტაცია გარემოს დაცვის სააგენტოს გარემოს მონიტორინგის დეპარტამენტის შესაძლებლობების შესახებ. წარმოდგენილი იქნა ფოტოები იმის დასადასტურებლად, რომ ლაბორატორიებში განახლებულია ყველაფერი, ქიმიური ჭურჭლიდან დაწყებული და უახლესი გაზ-სპექტრომეტრით დამთავრებული. რომ ლაბორატორიები რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო დაკალიბრებისა თუ ტესტირების გამოცდებში და უკვე მოიპოვეს სერტიფიკატები რიგი პარამეტრების გაზომვათა შესაბამისობაზე, სხვა პარამეტრებზე კი მუშაობა გრძელდება. ლაბორატორიის თანამშრომლები (არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონულ ლაბორატორიებშიც) გადიან რეგულარულ თრენინგებს და მათი მუშაობის ხარისხი მუდმივად უმჯობესდება. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს ქ-ნი მარინას პრეზენტაციის დამაჯერებლობა და გამოთქვეს სურვილი, რომ მომავალშიც სააგენტოს თანამშრომლობა საზოგადოებასთან ამგვარი გახსნილობის ფორმატში წარიმართოს.
  • განხილული იქნა ბ-ნ ზურაბ ცქვიტინიძის შენიშვნები მოხსენების მე-4 თავში საქართველოში კლიმატის ცვლილების გამოვლინებათა ზედმეტად ცალსახა ასახვის თაობაზე. ვინაიდან ამ თავის ავტორი, ქ-ნი მედეა ინაშვილი მივლინებაში იყო და შეხვედრას არ ესწრებოდა, და გარდა ამისა, იგი ამზადებს ამ თავის მეორე პროექტს, სადაც აღნიშნული საკითხი უფრო ფართოდ იქნება განხილული, შევთანხმდით, რომ საკითხი ამ პროექტის გამოქვეყნების შემდეგ განვიხილოთ. გარდა ამისა, მიზანშეწონილია კლიმატის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების მცირე შეხვედრის ორგანიზება, რათა მათ შორის მიიღწეს შეთანხმება იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად როგორ გამოვლინდება კლიმატის გლობალური ცვლილება საქართველოში.
  • ქ-ნები ნინო ქოქიაშვილი და მარინა გახუტიშვილი დაინტერესდნენ, თუ რომელ თავებში იქნება ასახული პესტიციდებით გარემოს დაბინძურების საკითხები. ეს საკითხები გაშუქდება როგორც ნარჩენების თავში, ასევე ქიმიკატების თავში და სოფლის მეურნეობის გარემოზე ზემოქმედების თავში.
  • ბ-ნმა პავლე ცაგარეიშვილმა გულისტკივილი გამოთქვა იმის გამო, რომ გარემოსდაცვითი აღრიცხვიანობა ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მცირდება და შესაბამისად მცირდება ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენებისთვის.
  • გამოითქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ მწირი მონიტორინგისა და ანგარიშგების პირობებში იქნებ საერთოდ აზრი არ აქვს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადებას? ტომ სტეფორდის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით იყო ის, რომ გარემოსდაცვითი პრობლემების დიდი ნაწილის გამოვლენა ასეთ პირობებშიც შესაძლებელია. რა თქმა უნდა უკეთესი იქნებოდა, მეტი ინფორმაცია რომ გვქონდეს. მაგრამ არარაციონალურია ვიჯდეთ და ინფორმაციას ველოდოთ, მაშინ როცა შეგვიძლია ნაწილი პრობლემები მაინც გამოვავლინოთ და მათ გადაჭრაზე ვიზრუნოთ. თუმცა მონიტორინგის შეძლებისდაგვარად აღდგენა რა თქმა უნდა აუცილებელია.

შენიშვნები მოხსენების პირველ პროექტზე

ამ პოსტის კომენტარებში ექსპერტებს შეუძლიათ დატოვონ თავიანთი შენიშვნები მოხსენების თავების დღეისთვის არსებულ ვერსიებზე.

განცხადება!

26 მარტს, 11 საათზე შედგება შემდეგი საჯარო შეხვედრა, ისევ სამინისტროს დარბაზში.

გავარჩევთ მოხსენების უკვე მომზადებულ ნაწილებს, მოვისმენთ თუკი რაიმე შენიშვნები აქვთ ექპერტებს მათთან დაკავშირებით.

21 თებერვალი-5 მარტი

გარემოს მდგომარეობის შესახებ მოხსენების ავტორებმა დაიწყეს მოხსენების თავების პირველი ვარიანტების მოწოდება. ისინი შეგიძლიათ ნახოთ აქ. იქვე დაიდება მათი ინგლისური თარგმანი.

15 მარტს თბილისში კვლავ 2 კვირით ჩამოვა ტომ სტაფორდი და ავტორებთან ვიმუშავებთ მათი ტექსტების დახვეწაზე. იმედს არ ვკარგავთ, რომ აპრილის პირველ კვირაში მოხსენების ყველა თავის ტექსტის შავი ვარიანტი მზად იქნება. ამის შემდეგ ვიქირავებთ რედაქტორს, რომელიც ქართული ტექსტების ენისა და სტილის გასწორებაზე იმუშავებს. პარალელურად დაიწყება გამოცემის დაკაბადონება. საჯარო განხილვაზე და სამინისტროებთან შეთანხმებაზე უკვე დაკაბადონებული დოკუმენტი წავა. თუმცა გამოიცემა იგი მხოლოდ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ, სავარაუდოდ შემოდგომაზე.