რა ხდებოდა ივლისში

დასრულდა იმ თავების მომზადება, რომლებიც ცოტა არ იყოს "ჩამორჩნენ": მიწა და ნიადაგები, შავი ზღვის სანაპირო წყლები, ქიმიკატები. ჩამორჩენის ძირითადი მიზეზი იმაში მდგომარეობდა, რომ თითოეულ ამ სფეროს რამოდენიმე "პატრონი" ჰყავს და მათ მიერ ტექსების მომზადება, ერთმანეთთან მისადაგება-კომპილაცია, შემდეგ კვლავ ავტორებთან შეთანხმება და ა.შ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. თუმცა, როგორც იქნა, გავედით ბოლოში.

ამ მომენტისთვის მოხსენების ყველა თავი მზად არის. უმეტესობა ინგლისურადაც ნათარგმნია. მიმდინარეობს ქართული და ინგლისური ტექსტების რედაქტირება, კომენტირება, გასწორება, ურთიერთშესაბამისობაში მოყვანა - უნდა ვაღიარო რომ ეს  საკმაოდ გრძელი და დამღლელი პროცესია, თუმცა შედეგად ტექსტები მნიშვნელოვნად უმჯობესდება (ჩემი აზრით).

დაიწყო ტექსტების დაკაბადონებაც. დაკაბადონებული ტექსტების პირველი ვარიანტები აქ დევს. ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ დიზაინერების მუშაობა პუბლიკაციას სერიოზულად აუმჯობესებს. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ საბოლოო ჯამში ისეთი პუბლიკაცია გამოვა, რომლის გადაფურცვლა-გადათვალიერება (და იქნებ წაკითხვაც) არავის დაეზარება. მე ვფიქრობ გარემოს დაცვის პოპულარიზაციას საქართველოში ეს ძალზე წაადგებოდა.

შემდგომი გეგმები მდგომარეობს ტექსტების დაჩქარებულ დაკაბადონებაში. მერე ისინი დაიგზავნება საკომენტაროდ სამინისტროებში (ფორმალური პროცედურა, რომელიც აუცილებლად გასავლელია), რის შემდეგაც გასწორებული ვარიანტი წარედგინება მთავრობას და პრეზიდენტს დასამტკიცებლად. იმედი გვაქვს რომ ეს ყველაფერი ოქტომბრამდე მოთავდება.