8-19 თებერვალი

მინისტრის ბრძანებამ, რომელიც ეროვნული მოხსენების მომზადების პასუხისმგებლობებს ანაწილებს, გაიარა შეთანხმების ოფიციალური, ძალიან გრძელი პროცედურა და დამტკიცდა.

გარემოს დაცვის სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტსა და სამინისტროს ჰაერის და წყლის სამმართველოებს შორის მიმდინარეობდა ინტენსიური თანამშრომლობა მონიტორინგის მონაცემების შერჩევის და მათი წარდგენის ფორმატის შესარჩევად.

მოხსენების მომზადებაში ჩართული ყველა სამმართველო აქტიურად ამზადებს მასალებს მოხსენებისთვის. იმედი გვაქვს, რომ მარტის პირველ კვირაში ყველა ძირითადი თავის პირველ პროექტს მოგვაწვდიან. მოხსენების თავების პროექტები დაიდება აქ.

მანამდე კი აქ დაიდება ნაირნაირი ნედლი მასალა, რომელიც ავტორებს და დამოუკიდებელ ექსპერტებს შეიძლება გამოადგეთ.

ჯგუფებში მუშაობა

აქ შევაჯამებ გარე ექსპერტების მიერ დღემდე გამოთქმულ სურვილებს ამა თუ იმ თავზე მუშაობის შესახებ:
  • თავი 3, ატმოსფერული ჰაერის ხარისხი: ბ-ნი თემურ ვეკუა;
  • თავი 11, მიწა და ნიადაგები : ბ-ნი გიზო ურუშაძე (შეგვპირდა ნიადაგების რუკას);
  • თავები 14-15, ბიომრავალფეროვნება და ცოცხალი რესურსები: ქ-ნები ნ.დვალიშვილი, ნ.არჩვაძე და რ.ინწკირველი;
  • სექცია ”გარემოზე ზემოქმედება”: ქ-ნები ნ.დვალიშვილი, ნ.არჩვაძე და რ.ინწკირველი (ეს სექცია გაიყო ორ ნაწილად (იხ. მინისტრის ბრძანება): თავები 16-17 შევიდა სექციაში ”ნარჩენები და ქიმიკატები”, თავები 18-20 კი სექციაში ”გარემოზე ზემოქმედების მქონე ეკონომიკური საქმიანობები”).
გარე ექსპერტებთან მუშაობის სტილი იქნება შემდეგი: მასალების პროექტები რეგულარულად დაიდება ამ ბლოგზე (შესაბამის საკითხზე მუშაობის სურვილის მქონე ექსპერტებს ელ-ფოსტით ვაცნობებთ ამის შესახებ). ექსპერტებს ვთხოვთ, თავიანთი მოსაზრებები და კომენტარები მოგვაწოდონ წერილობით. ყველა მიღებული კომენტარი აგრეთვე დაიდება ამ ბლოგზე. აქვე განვათავსებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი კომენტარი იქნა გათვალისწინებული ან არ-გათვალისწინებული და რატომ.

თუ საჭირო გახდა, მოეწყობა ვიწრო წრეში სამუშაო შეხვედრებიც, კონკრეტულ თემაზე სამსჯელოდ. თუმცა მე პირადად თანამშრომობის ღია ფორმატი (ბლოგის საშუალებით) უფრო კორექტულად მიმაჩნია.

გთხოვთ, ამ პოსტის კომენტარებში, გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები მუშაობის შემოთავაზებული ფორმატის თაობაზე.

შემოსული კომენტარების შეჯამება

აქ შევკრიბე დღემდე შემოსული კომენტარები მოხსენების სტრუქტურაზე. იტალიკებით მივაწერე მათი განხილვის მდგომარეობა:
  1. შესავალში იყოს გარემოს მდგომარეობის შესაფასებლად გამოყენებული კრიტერიუმების (თუ ინდიკატორების) ჩამონათვალი - შევეცდებით;
  2. დაემატოს ეპიდემიოლოგიური კვლევის მონაცემები გენეტიკურ პათოლოგიებზე და სიმსივნურ დაავადებებზე, როგორც გარემოს დაბინძურების ერთგვარ გენოტოქსიკურ ბიომარკერებზე - ამაზე ცხარე კამათი გვქონდა ტომთან და ვერ შევთანხმდით _ არც ერთი დაავადება არ არის მხოლოდ გარემოს ფაქტორებით გამოწვეული და არაკორექტული იქნება ამ მონაცემების გარემოს დაბინძურების ინდიკატორებად გამოყენებაო. შემდეგ ჩამოსვლაზე კიდევ დაველაპარაკები. ან იქნებ მეტი დასაბუთება შემაშველოთ?
  3. დაემატოს მონაცემები ზოგიერთი დაავადების (მაგ. ჩიყვის) ენდემურ კერებზე - დაავადებათა ენდემური, ბუნებრივი კერები გარემოს დაბინძურებასთან როგორ დავაკავშიროთ, ვერ მივხვდი. საჭიროა მეტი დასაბუთება.
  4. დაემატოს სექცია: გენეტიკური რესურსების კონსერვაციისა და ბიოუსაფრთხოების რისკების ანალიზი (გმო) - მჭირდება სპეციალისტების მოსაზრებანი ამ წინადადების გამართლებულობის თაობაზე. რატომ უნდა იყოს ცალკე სექცია? იქნებ ბიომრავალფეროვნების თავის ნაწილი იყოს?
  5. დაემატოს სექცია: განახლებადი ენერგიების რესურსების კვლევა და ანალიზი - ენერგეტიკის თავში იქნება საუბარი განახლებად რესურსებზე და მათ წილზე. თუ არ იქნა საკმარისი, მერე განვავრცოთ.
  6. დაემატოს დანართი, სადაც აღიწერება, თუ რა ნივთიერებები და ინგრედიენტები გაიზომა, რომელი ხელსაწყოებით და რამდენად სანდოა ეს მონაცემები (ხელსაწყოების დამოწმების ვადების და დამმოწმებელი ორგანოს მითითება) - კი, ბატონო.
  7. დაერთოს მოქმედი სტანდარტების ნუსხა (დოკუმენტის დასახელება, მიღების თარიღი და მიმღები ორგანო) - ეს მონაცემები თითოეულ თავში იქნება. შეიძლება ბოლოში გაერთიანდეს და დანართადაც დაერთოს.
  8. გეოსაფრთხეების თავის დასახელება შეიცვალოს უფრო გასაგები ტერმინით: "სტიქიური მოვლენები" და მასში აისახოს ინფორმაცია საქართველოში წარმოდგენილი ყველა ტიპის სტიქიური მოვლენების შესახებ - ვაპირებთ გავითვალისწინოთ ეს შენიშვნა.
  9. მდინარეების და ტბების თავები გაერთიანდეს - კი, ბატონო.
  10. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის შენიშვნა აგრეთვე სრულად იქნება გათვალისწინებული.

1-5 თებერვალი

მუშაობა მიმდინარეობდა შემდეგი მიმართულებით:
  • გარემოს დაცვის სააგენტომ დაიწყო ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციების მომზადება და მათთან ხდებოდა შეთანხმება ინფორმაციის მოწოდების კონკრეტულ ფორმატის (მაგალითად, მოვილაპარაკეთ, რომ ჰაერში დამბინძურებელთა კონცენტრაცია შედარდება არა მხოლოდ ერთჯერად მაქსიმუმებს, არამედ საშუალო დღიურებს, მათ შორის ევროპულ ნორმებსაც);
  • მომზადდა მინისტრის ბრძანების პროექტი და მიმდინარეობდა მისი ტექსტის შეთანხმება ცალკეულ მიმართულებებთან;
  • მზადდება ინფორმაციის მოთხოვნის წერილები სხვა სამინისტროებიდან;
  • ხდება პუბლიკაციის კონცეპტუალური დიაზაინის შერჩევა.