ექსპერტთა მესამე ღია შეხვედრა

28 მაისს 11 საათზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში შედგა დამოუკიდებელ ექსპერტთა მესამე შეხვედრა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მარინა გახუტიშვილი და ნინო ქოქიაშვილი), საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი (მარიამ ბეციაშვილი), საქართველოს მწვანეთა მოძრაობა (რუსუდან სიმონიძე და ნინო ჩხობაძე), საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია (მარატ ციცქიშვილი და გიორგი მახარაძე), CENN (ნინო თევზაძე), IUCN POSC (ეკა კაკაბაძე), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და მდგრადი განვითარების ცენტრი "რიო" (ინგა ნიკაგოსიანი), ექიმთა კავშირი (თორნიკე ბიძინაშვილი), ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია AFRD (კახა ნადირაძე). სამინისტროს მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი (ნინო თხილავა, მაია ჯავახიშვილი, თორნიკე ფულარიანი, ნინო ჩიქოვანი), გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველო (ქეთი კორძახია), გეოლოგიის სამმართველო (ივანე შველიძე, თინათინ შენგელია, ნანა ჯანჯღავა, ზურაბ ტუღუში), სატყეო დეპარტამენტი (გივი ნინიკაშვილი), გარემოს ეროვნული სააგენტო (ემილ წერეთელი, ჯემალ დოლიძე, მარინე არაბიძე, თამარ მაღლაკელიზე, გულჩინა კუჭავა). შეხვედრას ესწრებოდა აგრეთვე საქართველოს ორჰუსის ცენტრის წარმომადგენელი (ხათუნა გოგალაძე). პროექტის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ მისი ექსპერტები: ტომ სტეფორდი, ერჟი სარნასკი და ლია თოდუა.

შეხვედრის მონაწილეებისადმი წარდგენილი იქნა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების მდგომარეობა. აღწერილი იქნა ზღვის სანაპირო წყლების ხარისხისა და სასმელი წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მოპოვების პრობლემები და მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ინფორმაციის ნაკლებობის გამო შესაბამისი თავები გაერთიანდეს. რაზეც დამსწრე საზოგადოებამ გამოთქვა უკმაყოფილება - გამოითქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ზღვის წყლის რეგულირება და ნორმირება განსხვავებულია მტკნარი წყლებისგან და ამიტომ მოხსენებაში ზღვის წყალთან დაკავშირებული თავი ცალკე უნდა იყოს. მონაცემების არარსებობა კი ამ თავში მკაფიოდ უნდა მიეთითოს.

იგივე მოსაზრება გამოითქვა სასმელ წყალთან დაკავშირებით _ მოხსენებაში უნდა აღიწეროს ის ფაქტი, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ვერ ხერხდება წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და რომ ჯანდაცვის სამინისტრო საერთოდ არ არის სასმელი წყლის ხარისხის საქმის ყურში (აქვე უნდა მიეთითოს, რომ ადრე ჯანდაცვის სამინისტრო გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენებების მომზადებაში მონაწილეობდა, მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად) .

შეხვედრაზე გამოითქვა მთელი რიგი შენიშვნები გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების თავების არსებულ პროექტებთან დაკავშირებით:
  • ბ-ნმა გიორგი მახარაძემ გამოთქვა ეჭვი იმის თაობაზე, თუ რამდენად სანდოა მონაცემები ზედაპირულ წყლებში ნიტრიტების კონცენტრაციების შესახებ. კერძოდ, მისი მოსაზრება მდგომარეობდა იმაში, რომ წყალში ჟანგბადის მაღალი კონცენტრაციის პირობებში ნიტრიტები იჟანგება და ნიტრატებად გარდაიქმნება, ამიტომ ნიტრიტის კონცენტრაცია მაღალი ვერ იქნება.
  • ბ-ნმა გიორგი მახარაძემ აგრეთვე ეჭვი შეიტანა მონაცემებში მიწისქვეშა წყლებში ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების , ასევე ლითიუმისა და კადმიუმის მაღალი კონცენტრაციების თაობაზე. მისი აზრით საჭიროა შეფასდეს, თუ როგორი იყო ამ გაზომვების მეთოდიკა და აღემატება თუ არა შედეგები გაზომვათა ცდომილების ზღვარს.
შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასურველია მოხსენებაში აღწერილი ან მოხსენიებული იყოს ცალკეული მნიშვნელოვანი მსხვილი პროექტები, როგორიცაა მაგალითად წყლის სამმხრივი მონიტორინგის პროექტი (საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი).

ტომ სტეფორდმა სთხოვა შეხვედრის მონაწილეებს წერილობით წარმოადგინონ თავიანთი შენიშვნები და შეახსენა ვადების შესახებ: სასურველია შენიშვნები წარმოდგენილი იყოს მანამ, სანამ ტექსტი დაკაბადონდება. მან გააფრთხილა მონაწილენი, რომ ამიერიდან ბლოგზე თითოეული თავის გასწვრივ მიეთითება კომენტირების ბოლო ვადა, რომლის გასვლის შემდეგ დამოუკიდებელ ექსპერტთა კომენტარების გათვალისწინების შესაძლებლობა პროექტს აღარ იქნება.

განცხადება!

ა.წ. 28 მაისს, 11 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში (გულუას 6, მე-4 სართ) გაიმართება ღია საკონსულტაციო შეხვედრა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების პროცესის და შინაარსის განსახილველად.

გთხოვთ მობრძანდეთ და გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა თქვენი მოსაზრებების/შენიშვნების გასაჟღერებლად ან დანსახილველად.

აპრილის ამბები

მოხსენების თავების მომზადება-დამუშავება გრძელდება (სამუშაო ვერსიები იხილეთ ამ გვერდზე). მდგომარეობა ასეთია:
  • რამოდენიმე თავის (ჰაერი, კლიმატი, რადიაცია) მომზადება პრაქტიკულად დასრულდა და ეხლა მათი დახვეწა მიმდინარეობს (დაგზავნილია სამინისტროს და პროექტის ხელმძღვანელობასთან კომენტარებზე);
  • დასრულებასთან ახლოსაა მინერალური რესურსების და მიწისქვეშა წყლების თავები, აგრეთვე სტიქიური მოვლენების თავი;
  • მიწის რესურსების, ნარჩენების და ქიმიკატების თავების მომზადება ცოტა შენელდა, ვინაიდან ველოდებით დამატებით ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროდან;
  • წყლის თავები ელოდებოდა ინფორმაციას რამოდენიმე წყაროდან და ამიტომ სერიოზულად ჩამორჩა. თუმცა პროგრესი გვაქვს:
  • გარემოს დაცვის სააგენტომ დაასრულა მონიტორინგის საკმაოდ მოცულობითი ინფორმაციის გადამუშავება იმ სახით, რომელიც მოხსენებისთვის იყო საჭირო. შედეგად მომზადდა მდინარეების და ტბების თავების საწყისი ვარიანტი. თუმცა სანაპირო წყლებზე ინფორმაციას კვლავ ველოდებით;
  • რეგიონული განვითარების სამინისტროდან მოვიდა წყლით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაცია სასმელ წყალთან დაკავშირებით. თუმცა კვლავ ველოდებით სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის მიერ ჩატარებული სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგის შედეგებს.
  • ბიომრავალფეროვნების თავები ჩამორჩენილია, ვინაიდან დეპარტამენტი დაკავებულია ქობულეთში რამსარის კონვენციის მხარეთა შეხვედრის ორგანიზების და წარმართვის მართლაც ძალზე რთული ამოცანით. მაისში ისინი თბილისს დაუბრუნდებიან და ამ თავების დამუშავება სწრაფად წაიწევს წინ.
  • ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების გარემოზე ზემოქმედების და აგრეთვე ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური თავის მოსამზადებლად პროექტმა გარე ექსპერტები იქირავა. 10 მაისს ეს თავები მზად იქნება.
  • გარემოს დაცვის მართვის თავები ცოტა ჩამორჩა, ვინაიდან მათი ავტორი იმავე დროს პროექტის კოორდინატორია პრაქტიკულად და ბუნებრივია, ორ საქმეს ერთდროულად ვერ ასწრებს. თუმცა მაისამდე ისინიც მზად იქნება.
  • კარტოგრაფიის დეპარტამენტი გვიმზადებს რუკებს რამოდენიმე თავისთვის. აგრეთვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს გეოგრაფიის ინსტიტუტთან პუბლიკაციაში მათი რუკების გამოყენების თაობაზე.
მაისიდან ჩვენ დავიწყებთ გამზადებული თავების დაკაბადონებას (დაკაბადონებული ტექსტები განთავსდება ამ გვერდზე). ის თავები, რომლებიც სხვა უწყებების ინტერესთა სფეროებსაც ფარავს (მაგალითად ეკონომიკური თავები) დაკაბადონებამდე გაიგზავნება კომენტარებისთვის შესაბამის უწყებებში. პარალელურად მომზადდება მოხსენების ინგლისური ვარიანტიც.

დაახლოებით ივნისის მესამე დეკადაში მოხსენების სრული დაკაბადონებული ვარიანტი გაიგზავნება საბოლოო კომენტარებისთვის ყველა სამინისტროში, პარლამენტში, აჭარის მთავრობაში და სამხარეო ადმინისტრაციებში. ზაფხულის განმავლობაში მოგროვდება მათი კომენტარები, ტექსტი შესაბამისად შესწორდება და სექტემბერში მზად იქნება მოხსენების დასრულებული ვარიანტი, მთავრობისთვის წარსადგენად.

PS: სამწუხაროდ, გეოგრაფიის ინსტიტუტთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. როგორც გაირკვა, ინსტიტუტი რუკებს ატლასის გამოსაცემად ამზადებს და მის გამოსვლამდე მათი რუკები ხელმისაწვდომი არაა.

მარტის ანგარიში და აპრილის გეგმები

როგორც ბლოგის ამ გვერდზე ხედავთ, მოხსენების უმეტესი თავების პირველი პროექტები მომზადდა და ითარგმნა ინგლისურად. 15-26 მარტს ტომ სტეფორდი თბილისში იყო, ყველა მომზადებული თავი წაიკითხა, დეტალური კომენტარები მოამზადა, სათითაოდ შეხვდა ავტორებს და ეს კომენტარები მათთან ერთად განიხილა.

შემდგომი პროცედურა ასეთი იქნება: ავტორები ამზადებენ ტექსტის შემდეგ ვარიანტს, რომელიც ინგლისურად აღარ ითარგმნება. სანაცვლოდ იგი იგზავნება საკომენტაროდ გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამმართველოში (დაახლოებით 1 კვირით). კომენტარები განიხილება/შეჯერდება ავტორთან ერთად. ავტორი მათ გაითვალისწინებს ტექსტში. ტექსტის ეს შესწორებული ვარიანტი გადაიგზავნება რედაქტორთან, ენის გასასწორებლად, ამის შემდეგ კი ითარგმნება. ნათარგმნი ტექსტი ეგზავნება საკომენტაროდ ტომ სტეფორდს და პროექტის მენეჯერს, მიხალ ნეკვასილს; ნათარგმნი ტექსტი და მისი ქართული დედანი კი _ მინისტრის მოადგილეს. ყველა კომენტარები შეჯერდება პოლიტიკის სამმართველოში, ავტორთან ერთად. შესწორებული ტექსტი გადის კორექტურას და იგზავნება დასაკაბადონებლად. მინისტრთან, ასევე სხვა სამინისტროებში, მთავრობაში და პრეზიდენტთან გაიგზავნება მოხსენების დაკაბადონებული ვარიანტი.

როგორც ხედავთ, პროცედურა ძალიან გრძელია. შეფერხებების გარეშეც კი დოკუმენტის დაკაბადონებული ვერსია მხოლოდ 2 თვის შემდეგ იქნება მზად. იმედია შეფერხებები არ იქნება. ტომ სტეფორდის შემდეგი (ბოლო) ვიზიტი მაისის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

მეორე შეხვედრა დამოუკიდებელ ექსპერტებთან

26 მარტს, 11 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დარბაზში გაიმართა შეხვედრა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადებაში მონაწილეობით დაინტერესებულ გარე ექსპერტებთან.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: ეკოლოგიური აკადემია (ბ-ნი გიორგი მახარაძე), ეკოლოგიური უსაფრთხოების საზოგადოება (ბ-ნი ზურაბ ცქვიტინიძე), სამეცნიერო ასოციაცია "ეკოთექი" (ბ-ნი თემურ ვეკუა), ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ-ნები ნინო ქოქიაშვილი და მარინა გახუტიშვილი), CENN (ნინო თევზაძე), საქართველოს მწვანეთა მოძრაობა (ბ-ნი პავლე ცაგარეიშვილი). სამინისტროს მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამმართველო (მაია ჯავახიშვილი და თორნიკე ფულარიანი), საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო (მაია ვაშაკიძე), წყლის რესურსების მართვის სამმართველო (მარინა მაკაროვა), მიწის მართვის სამმართველო (ბენო გელუტაშვილი), ჰაერის მართვის სამმართველო (ნოე მეგრელიშვილი), გეოლოგიის სამმართველო (ივანე შველიძე), საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური (თემურ სუხიტაშვილი), გარემოს ეროვნული სააგენტო (მარინე არაბიძე, თამარ მაღლაკელიძე, გულჩინა კუჭავა). შეხვედრას ესწრებოდნენ კონსულტანტები ტომ სტეფორდი (EPA Ireland) და ლია თოდუა (CSRDG).

გაიმართა მსჯელობა მოხსენების ცალკეული ნაწილების პროექტებზე წარმოდგენილ შენიშვნებთან დაკავშირებით:
  • განიმარტა ბ-ნი გიორგი მახარაძის შენიშვნა იმის თაობაზე, რომ სააგენტოს დიაგრამა მტკვარში მეტალების კონცენტრაციის თაობაზე არ შეიძლება სწორი იყოს. საქმე იმაშია, რომ 7-8 pH მქონე მდინარეებში ფუძე მეტალები ძალზედ მალე ილექება და იონის კონცენტრაციამ დიაგრამებში მითითებულ მნიშვნელობებს შეიძლება მიაღწიოს მხოლოდ უაღრესად სერიუზული ზემოქმედების შედეგად (რაც თავის მხრივ მთლიანად გაანადგურებდა თევზებს, მოწამლავდა გარემოს, ანუ იოლად შესამჩნევი იქნებოდა). შესაძლოა მეტალების კონცენტრაციის მაღალი მნიშვნელობები გამოწვეული იყოს სინჯების არასათანადო გაფილტვრით, რის შედეგადაც სინჯებში არა მარტო გახსნილი, არამედ გამოლექილი მეტალებიც მოხვდა. გარემოს ეროვნულმა სააგენტოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გადაამოწმებენ თავიანთ მონაცემებს ამ შენიშვნის გათვალისწინებით.
  • განხილული იქნა ბ-ნ თემურ ვეკუას მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია გარემოს მონიტორინგისას გამოყენებული გაზომვების მეთოდოლოგიისა და გამზომი აპარატურის შესახებ. ქ-ნმა მარინე არაბიძემ გააკეთა პრეზენტაცია გარემოს დაცვის სააგენტოს გარემოს მონიტორინგის დეპარტამენტის შესაძლებლობების შესახებ. წარმოდგენილი იქნა ფოტოები იმის დასადასტურებლად, რომ ლაბორატორიებში განახლებულია ყველაფერი, ქიმიური ჭურჭლიდან დაწყებული და უახლესი გაზ-სპექტრომეტრით დამთავრებული. რომ ლაბორატორიები რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო დაკალიბრებისა თუ ტესტირების გამოცდებში და უკვე მოიპოვეს სერტიფიკატები რიგი პარამეტრების გაზომვათა შესაბამისობაზე, სხვა პარამეტრებზე კი მუშაობა გრძელდება. ლაბორატორიის თანამშრომლები (არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონულ ლაბორატორიებშიც) გადიან რეგულარულ თრენინგებს და მათი მუშაობის ხარისხი მუდმივად უმჯობესდება. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს ქ-ნი მარინას პრეზენტაციის დამაჯერებლობა და გამოთქვეს სურვილი, რომ მომავალშიც სააგენტოს თანამშრომლობა საზოგადოებასთან ამგვარი გახსნილობის ფორმატში წარიმართოს.
  • განხილული იქნა ბ-ნ ზურაბ ცქვიტინიძის შენიშვნები მოხსენების მე-4 თავში საქართველოში კლიმატის ცვლილების გამოვლინებათა ზედმეტად ცალსახა ასახვის თაობაზე. ვინაიდან ამ თავის ავტორი, ქ-ნი მედეა ინაშვილი მივლინებაში იყო და შეხვედრას არ ესწრებოდა, და გარდა ამისა, იგი ამზადებს ამ თავის მეორე პროექტს, სადაც აღნიშნული საკითხი უფრო ფართოდ იქნება განხილული, შევთანხმდით, რომ საკითხი ამ პროექტის გამოქვეყნების შემდეგ განვიხილოთ. გარდა ამისა, მიზანშეწონილია კლიმატის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების მცირე შეხვედრის ორგანიზება, რათა მათ შორის მიიღწეს შეთანხმება იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად როგორ გამოვლინდება კლიმატის გლობალური ცვლილება საქართველოში.
  • ქ-ნები ნინო ქოქიაშვილი და მარინა გახუტიშვილი დაინტერესდნენ, თუ რომელ თავებში იქნება ასახული პესტიციდებით გარემოს დაბინძურების საკითხები. ეს საკითხები გაშუქდება როგორც ნარჩენების თავში, ასევე ქიმიკატების თავში და სოფლის მეურნეობის გარემოზე ზემოქმედების თავში.
  • ბ-ნმა პავლე ცაგარეიშვილმა გულისტკივილი გამოთქვა იმის გამო, რომ გარემოსდაცვითი აღრიცხვიანობა ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მცირდება და შესაბამისად მცირდება ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენებისთვის.
  • გამოითქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ მწირი მონიტორინგისა და ანგარიშგების პირობებში იქნებ საერთოდ აზრი არ აქვს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადებას? ტომ სტეფორდის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით იყო ის, რომ გარემოსდაცვითი პრობლემების დიდი ნაწილის გამოვლენა ასეთ პირობებშიც შესაძლებელია. რა თქმა უნდა უკეთესი იქნებოდა, მეტი ინფორმაცია რომ გვქონდეს. მაგრამ არარაციონალურია ვიჯდეთ და ინფორმაციას ველოდოთ, მაშინ როცა შეგვიძლია ნაწილი პრობლემები მაინც გამოვავლინოთ და მათ გადაჭრაზე ვიზრუნოთ. თუმცა მონიტორინგის შეძლებისდაგვარად აღდგენა რა თქმა უნდა აუცილებელია.

შენიშვნები მოხსენების პირველ პროექტზე

ამ პოსტის კომენტარებში ექსპერტებს შეუძლიათ დატოვონ თავიანთი შენიშვნები მოხსენების თავების დღეისთვის არსებულ ვერსიებზე.

განცხადება!

26 მარტს, 11 საათზე შედგება შემდეგი საჯარო შეხვედრა, ისევ სამინისტროს დარბაზში.

გავარჩევთ მოხსენების უკვე მომზადებულ ნაწილებს, მოვისმენთ თუკი რაიმე შენიშვნები აქვთ ექპერტებს მათთან დაკავშირებით.