რა ხდებოდა ივლისში

დასრულდა იმ თავების მომზადება, რომლებიც ცოტა არ იყოს "ჩამორჩნენ": მიწა და ნიადაგები, შავი ზღვის სანაპირო წყლები, ქიმიკატები. ჩამორჩენის ძირითადი მიზეზი იმაში მდგომარეობდა, რომ თითოეულ ამ სფეროს რამოდენიმე "პატრონი" ჰყავს და მათ მიერ ტექსების მომზადება, ერთმანეთთან მისადაგება-კომპილაცია, შემდეგ კვლავ ავტორებთან შეთანხმება და ა.შ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. თუმცა, როგორც იქნა, გავედით ბოლოში.

ამ მომენტისთვის მოხსენების ყველა თავი მზად არის. უმეტესობა ინგლისურადაც ნათარგმნია. მიმდინარეობს ქართული და ინგლისური ტექსტების რედაქტირება, კომენტირება, გასწორება, ურთიერთშესაბამისობაში მოყვანა - უნდა ვაღიარო რომ ეს  საკმაოდ გრძელი და დამღლელი პროცესია, თუმცა შედეგად ტექსტები მნიშვნელოვნად უმჯობესდება (ჩემი აზრით).

დაიწყო ტექსტების დაკაბადონებაც. დაკაბადონებული ტექსტების პირველი ვარიანტები აქ დევს. ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ დიზაინერების მუშაობა პუბლიკაციას სერიოზულად აუმჯობესებს. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ საბოლოო ჯამში ისეთი პუბლიკაცია გამოვა, რომლის გადაფურცვლა-გადათვალიერება (და იქნებ წაკითხვაც) არავის დაეზარება. მე ვფიქრობ გარემოს დაცვის პოპულარიზაციას საქართველოში ეს ძალზე წაადგებოდა.

შემდგომი გეგმები მდგომარეობს ტექსტების დაჩქარებულ დაკაბადონებაში. მერე ისინი დაიგზავნება საკომენტაროდ სამინისტროებში (ფორმალური პროცედურა, რომელიც აუცილებლად გასავლელია), რის შემდეგაც გასწორებული ვარიანტი წარედგინება მთავრობას და პრეზიდენტს დასამტკიცებლად. იმედი გვაქვს რომ ეს ყველაფერი ოქტომბრამდე მოთავდება.

წყლების და მიწების თავები იხურება კომენტარებისთვის!

კომენტარების ვადა იწურება შემდეგი თავებისთვის:
  • მიწისქვეშა წყლები;
  • ზედაპირული მტკნარი წყლები;
  • მიწა და ნიადაგები;
  • მინერალური რესურსები;
  • სტიქიური მოვლენები.
გთხოვთ გადახედოთ ამ თავების საბოლოო ვარიანტებს და თუ კომენტარები გაქვთ, მოგვაწოდოთ ისინი.

შავი ზღვის სანაპირო წყლების მდგომარეობის აღმწერი თავი კვლავ მზადების პროცესშია. ველოდებით დამატებით ინფორმაციას აჭარის მთავრობისგან. ამ თავზე კომენტირებისთვის დამატებითი ვადა იქნება გამოყოფილი. 

ასევე დასრულების პროცესშია წყალაღება-წყალჩაშვების თავები. მასზეც იქნება დამატებითი ვადა გამოყოფილი.

გრძელდება კომენტარების მოგროვება მოხსენების სხვა თავებზე

აქ კომენტარებში შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი კომენტარები მოხსენების ყველა თავზე, კომენტარებისთვის უკვე დახურული კლიმატის და ჰაერის თავების გარდა.

კლიმატის და ჰაერის თავები იხურება კომენტარებისთვის!

ყურადღება! 2 ივნისს ბოლო დღეა ეროვნული მოხსენების ჰაერისა და კლიმატის თავების სამუშაო ვერსიების კომენტირებისთვის! თუ კომენტარები/შენიშვნები გაქვთ, გთხოვთ ისინი დაუყოვნებლივ მოგვაწოდოთ!

კომენტარები შეგიძლიათ გამოგზავნოთ მისამართებზე mjavakhishvili@gmail.com ან liatodua@csrdg.ge ან ჩაწეროთ აქვე, კომენტარებში. ელ-ფოსტით მიღებული ყველა კომენტარი აგრეთვე დაიდება ამ ბლოგზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: კლიმატის თავი უკვე დიზაინერთანაა, კვირის ბოლომდე ჰაერის თავიც იქ გადაინაცვლებს. ამიტომ მომავალი კვირიდან რაიმეს შეცვლა ამ თავებში უკვე ძალიან რთული იქნება. გთხოვთ გაგვიწიოთ ანგარიში და დროულად მოგვაწოდოთ კომენტარები!

ექსპერტთა მესამე ღია შეხვედრა

28 მაისს 11 საათზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში შედგა დამოუკიდებელ ექსპერტთა მესამე შეხვედრა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მარინა გახუტიშვილი და ნინო ქოქიაშვილი), საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი (მარიამ ბეციაშვილი), საქართველოს მწვანეთა მოძრაობა (რუსუდან სიმონიძე და ნინო ჩხობაძე), საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია (მარატ ციცქიშვილი და გიორგი მახარაძე), CENN (ნინო თევზაძე), IUCN POSC (ეკა კაკაბაძე), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და მდგრადი განვითარების ცენტრი "რიო" (ინგა ნიკაგოსიანი), ექიმთა კავშირი (თორნიკე ბიძინაშვილი), ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია AFRD (კახა ნადირაძე). სამინისტროს მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი (ნინო თხილავა, მაია ჯავახიშვილი, თორნიკე ფულარიანი, ნინო ჩიქოვანი), გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველო (ქეთი კორძახია), გეოლოგიის სამმართველო (ივანე შველიძე, თინათინ შენგელია, ნანა ჯანჯღავა, ზურაბ ტუღუში), სატყეო დეპარტამენტი (გივი ნინიკაშვილი), გარემოს ეროვნული სააგენტო (ემილ წერეთელი, ჯემალ დოლიძე, მარინე არაბიძე, თამარ მაღლაკელიზე, გულჩინა კუჭავა). შეხვედრას ესწრებოდა აგრეთვე საქართველოს ორჰუსის ცენტრის წარმომადგენელი (ხათუნა გოგალაძე). პროექტის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ მისი ექსპერტები: ტომ სტეფორდი, ერჟი სარნასკი და ლია თოდუა.

შეხვედრის მონაწილეებისადმი წარდგენილი იქნა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების მდგომარეობა. აღწერილი იქნა ზღვის სანაპირო წყლების ხარისხისა და სასმელი წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მოპოვების პრობლემები და მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ინფორმაციის ნაკლებობის გამო შესაბამისი თავები გაერთიანდეს. რაზეც დამსწრე საზოგადოებამ გამოთქვა უკმაყოფილება - გამოითქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ზღვის წყლის რეგულირება და ნორმირება განსხვავებულია მტკნარი წყლებისგან და ამიტომ მოხსენებაში ზღვის წყალთან დაკავშირებული თავი ცალკე უნდა იყოს. მონაცემების არარსებობა კი ამ თავში მკაფიოდ უნდა მიეთითოს.

იგივე მოსაზრება გამოითქვა სასმელ წყალთან დაკავშირებით _ მოხსენებაში უნდა აღიწეროს ის ფაქტი, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ვერ ხერხდება წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და რომ ჯანდაცვის სამინისტრო საერთოდ არ არის სასმელი წყლის ხარისხის საქმის ყურში (აქვე უნდა მიეთითოს, რომ ადრე ჯანდაცვის სამინისტრო გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენებების მომზადებაში მონაწილეობდა, მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად) .

შეხვედრაზე გამოითქვა მთელი რიგი შენიშვნები გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების თავების არსებულ პროექტებთან დაკავშირებით:
  • ბ-ნმა გიორგი მახარაძემ გამოთქვა ეჭვი იმის თაობაზე, თუ რამდენად სანდოა მონაცემები ზედაპირულ წყლებში ნიტრიტების კონცენტრაციების შესახებ. კერძოდ, მისი მოსაზრება მდგომარეობდა იმაში, რომ წყალში ჟანგბადის მაღალი კონცენტრაციის პირობებში ნიტრიტები იჟანგება და ნიტრატებად გარდაიქმნება, ამიტომ ნიტრიტის კონცენტრაცია მაღალი ვერ იქნება.
  • ბ-ნმა გიორგი მახარაძემ აგრეთვე ეჭვი შეიტანა მონაცემებში მიწისქვეშა წყლებში ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების , ასევე ლითიუმისა და კადმიუმის მაღალი კონცენტრაციების თაობაზე. მისი აზრით საჭიროა შეფასდეს, თუ როგორი იყო ამ გაზომვების მეთოდიკა და აღემატება თუ არა შედეგები გაზომვათა ცდომილების ზღვარს.
შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასურველია მოხსენებაში აღწერილი ან მოხსენიებული იყოს ცალკეული მნიშვნელოვანი მსხვილი პროექტები, როგორიცაა მაგალითად წყლის სამმხრივი მონიტორინგის პროექტი (საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი).

ტომ სტეფორდმა სთხოვა შეხვედრის მონაწილეებს წერილობით წარმოადგინონ თავიანთი შენიშვნები და შეახსენა ვადების შესახებ: სასურველია შენიშვნები წარმოდგენილი იყოს მანამ, სანამ ტექსტი დაკაბადონდება. მან გააფრთხილა მონაწილენი, რომ ამიერიდან ბლოგზე თითოეული თავის გასწვრივ მიეთითება კომენტირების ბოლო ვადა, რომლის გასვლის შემდეგ დამოუკიდებელ ექსპერტთა კომენტარების გათვალისწინების შესაძლებლობა პროექტს აღარ იქნება.

განცხადება!

ა.წ. 28 მაისს, 11 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში (გულუას 6, მე-4 სართ) გაიმართება ღია საკონსულტაციო შეხვედრა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების პროცესის და შინაარსის განსახილველად.

გთხოვთ მობრძანდეთ და გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა თქვენი მოსაზრებების/შენიშვნების გასაჟღერებლად ან დანსახილველად.

აპრილის ამბები

მოხსენების თავების მომზადება-დამუშავება გრძელდება (სამუშაო ვერსიები იხილეთ ამ გვერდზე). მდგომარეობა ასეთია:
  • რამოდენიმე თავის (ჰაერი, კლიმატი, რადიაცია) მომზადება პრაქტიკულად დასრულდა და ეხლა მათი დახვეწა მიმდინარეობს (დაგზავნილია სამინისტროს და პროექტის ხელმძღვანელობასთან კომენტარებზე);
  • დასრულებასთან ახლოსაა მინერალური რესურსების და მიწისქვეშა წყლების თავები, აგრეთვე სტიქიური მოვლენების თავი;
  • მიწის რესურსების, ნარჩენების და ქიმიკატების თავების მომზადება ცოტა შენელდა, ვინაიდან ველოდებით დამატებით ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროდან;
  • წყლის თავები ელოდებოდა ინფორმაციას რამოდენიმე წყაროდან და ამიტომ სერიოზულად ჩამორჩა. თუმცა პროგრესი გვაქვს:
  • გარემოს დაცვის სააგენტომ დაასრულა მონიტორინგის საკმაოდ მოცულობითი ინფორმაციის გადამუშავება იმ სახით, რომელიც მოხსენებისთვის იყო საჭირო. შედეგად მომზადდა მდინარეების და ტბების თავების საწყისი ვარიანტი. თუმცა სანაპირო წყლებზე ინფორმაციას კვლავ ველოდებით;
  • რეგიონული განვითარების სამინისტროდან მოვიდა წყლით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაცია სასმელ წყალთან დაკავშირებით. თუმცა კვლავ ველოდებით სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის მიერ ჩატარებული სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგის შედეგებს.
  • ბიომრავალფეროვნების თავები ჩამორჩენილია, ვინაიდან დეპარტამენტი დაკავებულია ქობულეთში რამსარის კონვენციის მხარეთა შეხვედრის ორგანიზების და წარმართვის მართლაც ძალზე რთული ამოცანით. მაისში ისინი თბილისს დაუბრუნდებიან და ამ თავების დამუშავება სწრაფად წაიწევს წინ.
  • ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების გარემოზე ზემოქმედების და აგრეთვე ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური თავის მოსამზადებლად პროექტმა გარე ექსპერტები იქირავა. 10 მაისს ეს თავები მზად იქნება.
  • გარემოს დაცვის მართვის თავები ცოტა ჩამორჩა, ვინაიდან მათი ავტორი იმავე დროს პროექტის კოორდინატორია პრაქტიკულად და ბუნებრივია, ორ საქმეს ერთდროულად ვერ ასწრებს. თუმცა მაისამდე ისინიც მზად იქნება.
  • კარტოგრაფიის დეპარტამენტი გვიმზადებს რუკებს რამოდენიმე თავისთვის. აგრეთვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს გეოგრაფიის ინსტიტუტთან პუბლიკაციაში მათი რუკების გამოყენების თაობაზე.
მაისიდან ჩვენ დავიწყებთ გამზადებული თავების დაკაბადონებას (დაკაბადონებული ტექსტები განთავსდება ამ გვერდზე). ის თავები, რომლებიც სხვა უწყებების ინტერესთა სფეროებსაც ფარავს (მაგალითად ეკონომიკური თავები) დაკაბადონებამდე გაიგზავნება კომენტარებისთვის შესაბამის უწყებებში. პარალელურად მომზადდება მოხსენების ინგლისური ვარიანტიც.

დაახლოებით ივნისის მესამე დეკადაში მოხსენების სრული დაკაბადონებული ვარიანტი გაიგზავნება საბოლოო კომენტარებისთვის ყველა სამინისტროში, პარლამენტში, აჭარის მთავრობაში და სამხარეო ადმინისტრაციებში. ზაფხულის განმავლობაში მოგროვდება მათი კომენტარები, ტექსტი შესაბამისად შესწორდება და სექტემბერში მზად იქნება მოხსენების დასრულებული ვარიანტი, მთავრობისთვის წარსადგენად.

PS: სამწუხაროდ, გეოგრაფიის ინსტიტუტთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. როგორც გაირკვა, ინსტიტუტი რუკებს ატლასის გამოსაცემად ამზადებს და მის გამოსვლამდე მათი რუკები ხელმისაწვდომი არაა.