შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მარინა გახუტიშვილი და ნინო ქოქიაშვილი), საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი (მარიამ ბეციაშვილი), საქართველოს მწვანეთა მოძრაობა (რუსუდან სიმონიძე და ნინო ჩხობაძე), საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია (მარატ ციცქიშვილი და გიორგი მახარაძე), CENN (ნინო თევზაძე), IUCN POSC (ეკა კაკაბაძე), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და მდგრადი განვითარების ცენტრი "რიო" (ინგა ნიკაგოსიანი), ექიმთა კავშირი (თორნიკე ბიძინაშვილი), ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია AFRD (კახა ნადირაძე). სამინისტროს მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი (ნინო თხილავა, მაია ჯავახიშვილი, თორნიკე ფულარიანი, ნინო ჩიქოვანი), გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველო (ქეთი კორძახია), გეოლოგიის სამმართველო (ივანე შველიძე, თინათინ შენგელია, ნანა ჯანჯღავა, ზურაბ ტუღუში), სატყეო დეპარტამენტი (გივი ნინიკაშვილი), გარემოს ეროვნული სააგენტო (ემილ წერეთელი, ჯემალ დოლიძე, მარინე არაბიძე, თამარ მაღლაკელიზე, გულჩინა კუჭავა). შეხვედრას ესწრებოდა აგრეთვე საქართველოს ორჰუსის ცენტრის წარმომადგენელი (ხათუნა გოგალაძე). პროექტის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ მისი ექსპერტები: ტომ სტეფორდი, ერჟი სარნასკი და ლია თოდუა.
შეხვედრის მონაწილეებისადმი წარდგენილი იქნა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების მდგომარეობა. აღწერილი იქნა ზღვის სანაპირო წყლების ხარისხისა და სასმელი წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მოპოვების პრობლემები და მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ინფორმაციის ნაკლებობის გამო შესაბამისი თავები გაერთიანდეს. რაზეც დამსწრე საზოგადოებამ გამოთქვა უკმაყოფილება - გამოითქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ზღვის წყლის რეგულირება და ნორმირება განსხვავებულია მტკნარი წყლებისგან და ამიტომ მოხსენებაში ზღვის წყალთან დაკავშირებული თავი ცალკე უნდა იყოს. მონაცემების არარსებობა კი ამ თავში მკაფიოდ უნდა მიეთითოს.
იგივე მოსაზრება გამოითქვა სასმელ წყალთან დაკავშირებით _ მოხსენებაში უნდა აღიწეროს ის ფაქტი, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ვერ ხერხდება წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და რომ ჯანდაცვის სამინისტრო საერთოდ არ არის სასმელი წყლის ხარისხის საქმის ყურში (აქვე უნდა მიეთითოს, რომ ადრე ჯანდაცვის სამინისტრო გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენებების მომზადებაში მონაწილეობდა, მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად) .
შეხვედრაზე გამოითქვა მთელი რიგი შენიშვნები გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების თავების არსებულ პროექტებთან დაკავშირებით:
- ბ-ნმა გიორგი მახარაძემ გამოთქვა ეჭვი იმის თაობაზე, თუ რამდენად სანდოა მონაცემები ზედაპირულ წყლებში ნიტრიტების კონცენტრაციების შესახებ. კერძოდ, მისი მოსაზრება მდგომარეობდა იმაში, რომ წყალში ჟანგბადის მაღალი კონცენტრაციის პირობებში ნიტრიტები იჟანგება და ნიტრატებად გარდაიქმნება, ამიტომ ნიტრიტის კონცენტრაცია მაღალი ვერ იქნება.
- ბ-ნმა გიორგი მახარაძემ აგრეთვე ეჭვი შეიტანა მონაცემებში მიწისქვეშა წყლებში ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების , ასევე ლითიუმისა და კადმიუმის მაღალი კონცენტრაციების თაობაზე. მისი აზრით საჭიროა შეფასდეს, თუ როგორი იყო ამ გაზომვების მეთოდიკა და აღემატება თუ არა შედეგები გაზომვათა ცდომილების ზღვარს.
შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასურველია მოხსენებაში აღწერილი ან მოხსენიებული იყოს ცალკეული მნიშვნელოვანი მსხვილი პროექტები, როგორიცაა მაგალითად წყლის სამმხრივი მონიტორინგის პროექტი (საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი).
ტომ სტეფორდმა სთხოვა შეხვედრის მონაწილეებს წერილობით წარმოადგინონ თავიანთი შენიშვნები და შეახსენა ვადების შესახებ: სასურველია შენიშვნები წარმოდგენილი იყოს მანამ, სანამ ტექსტი დაკაბადონდება. მან გააფრთხილა მონაწილენი, რომ ამიერიდან ბლოგზე თითოეული თავის გასწვრივ მიეთითება კომენტირების ბოლო ვადა, რომლის გასვლის შემდეგ დამოუკიდებელ ექსპერტთა კომენტარების გათვალისწინების შესაძლებლობა პროექტს აღარ იქნება.