- რამოდენიმე თავის (ჰაერი, კლიმატი, რადიაცია) მომზადება პრაქტიკულად დასრულდა და ეხლა მათი დახვეწა მიმდინარეობს (დაგზავნილია სამინისტროს და პროექტის ხელმძღვანელობასთან კომენტარებზე);
- დასრულებასთან ახლოსაა მინერალური რესურსების და მიწისქვეშა წყლების თავები, აგრეთვე სტიქიური მოვლენების თავი;
- მიწის რესურსების, ნარჩენების და ქიმიკატების თავების მომზადება ცოტა შენელდა, ვინაიდან ველოდებით დამატებით ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროდან;
- წყლის თავები ელოდებოდა ინფორმაციას რამოდენიმე წყაროდან და ამიტომ სერიოზულად ჩამორჩა. თუმცა პროგრესი გვაქვს:
- გარემოს დაცვის სააგენტომ დაასრულა მონიტორინგის საკმაოდ მოცულობითი ინფორმაციის გადამუშავება იმ სახით, რომელიც მოხსენებისთვის იყო საჭირო. შედეგად მომზადდა მდინარეების და ტბების თავების საწყისი ვარიანტი. თუმცა სანაპირო წყლებზე ინფორმაციას კვლავ ველოდებით;
- რეგიონული განვითარების სამინისტროდან მოვიდა წყლით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაცია სასმელ წყალთან დაკავშირებით. თუმცა კვლავ ველოდებით სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის მიერ ჩატარებული სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგის შედეგებს.
- ბიომრავალფეროვნების თავები ჩამორჩენილია, ვინაიდან დეპარტამენტი დაკავებულია ქობულეთში რამსარის კონვენციის მხარეთა შეხვედრის ორგანიზების და წარმართვის მართლაც ძალზე რთული ამოცანით. მაისში ისინი თბილისს დაუბრუნდებიან და ამ თავების დამუშავება სწრაფად წაიწევს წინ.
- ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების გარემოზე ზემოქმედების და აგრეთვე ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური თავის მოსამზადებლად პროექტმა გარე ექსპერტები იქირავა. 10 მაისს ეს თავები მზად იქნება.
- გარემოს დაცვის მართვის თავები ცოტა ჩამორჩა, ვინაიდან მათი ავტორი იმავე დროს პროექტის კოორდინატორია პრაქტიკულად და ბუნებრივია, ორ საქმეს ერთდროულად ვერ ასწრებს. თუმცა მაისამდე ისინიც მზად იქნება.
- კარტოგრაფიის დეპარტამენტი გვიმზადებს რუკებს რამოდენიმე თავისთვის. აგრეთვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს გეოგრაფიის ინსტიტუტთან პუბლიკაციაში მათი რუკების გამოყენების თაობაზე.
მაისიდან ჩვენ დავიწყებთ გამზადებული თავების დაკაბადონებას (დაკაბადონებული ტექსტები განთავსდება ამ გვერდზე). ის თავები, რომლებიც სხვა უწყებების ინტერესთა სფეროებსაც ფარავს (მაგალითად ეკონომიკური თავები) დაკაბადონებამდე გაიგზავნება კომენტარებისთვის შესაბამის უწყებებში. პარალელურად მომზადდება მოხსენების ინგლისური ვარიანტიც.
დაახლოებით ივნისის მესამე დეკადაში მოხსენების სრული დაკაბადონებული ვარიანტი გაიგზავნება საბოლოო კომენტარებისთვის ყველა სამინისტროში, პარლამენტში, აჭარის მთავრობაში და სამხარეო ადმინისტრაციებში. ზაფხულის განმავლობაში მოგროვდება მათი კომენტარები, ტექსტი შესაბამისად შესწორდება და სექტემბერში მზად იქნება მოხსენების დასრულებული ვარიანტი, მთავრობისთვის წარსადგენად.
PS: სამწუხაროდ, გეოგრაფიის ინსტიტუტთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. როგორც გაირკვა, ინსტიტუტი რუკებს ატლასის გამოსაცემად ამზადებს და მის გამოსვლამდე მათი რუკები ხელმისაწვდომი არაა.