აპრილის ამბები

მოხსენების თავების მომზადება-დამუშავება გრძელდება (სამუშაო ვერსიები იხილეთ ამ გვერდზე). მდგომარეობა ასეთია:
  • რამოდენიმე თავის (ჰაერი, კლიმატი, რადიაცია) მომზადება პრაქტიკულად დასრულდა და ეხლა მათი დახვეწა მიმდინარეობს (დაგზავნილია სამინისტროს და პროექტის ხელმძღვანელობასთან კომენტარებზე);
  • დასრულებასთან ახლოსაა მინერალური რესურსების და მიწისქვეშა წყლების თავები, აგრეთვე სტიქიური მოვლენების თავი;
  • მიწის რესურსების, ნარჩენების და ქიმიკატების თავების მომზადება ცოტა შენელდა, ვინაიდან ველოდებით დამატებით ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროდან;
  • წყლის თავები ელოდებოდა ინფორმაციას რამოდენიმე წყაროდან და ამიტომ სერიოზულად ჩამორჩა. თუმცა პროგრესი გვაქვს:
  • გარემოს დაცვის სააგენტომ დაასრულა მონიტორინგის საკმაოდ მოცულობითი ინფორმაციის გადამუშავება იმ სახით, რომელიც მოხსენებისთვის იყო საჭირო. შედეგად მომზადდა მდინარეების და ტბების თავების საწყისი ვარიანტი. თუმცა სანაპირო წყლებზე ინფორმაციას კვლავ ველოდებით;
  • რეგიონული განვითარების სამინისტროდან მოვიდა წყლით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაცია სასმელ წყალთან დაკავშირებით. თუმცა კვლავ ველოდებით სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის მიერ ჩატარებული სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგის შედეგებს.
  • ბიომრავალფეროვნების თავები ჩამორჩენილია, ვინაიდან დეპარტამენტი დაკავებულია ქობულეთში რამსარის კონვენციის მხარეთა შეხვედრის ორგანიზების და წარმართვის მართლაც ძალზე რთული ამოცანით. მაისში ისინი თბილისს დაუბრუნდებიან და ამ თავების დამუშავება სწრაფად წაიწევს წინ.
  • ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების გარემოზე ზემოქმედების და აგრეთვე ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური თავის მოსამზადებლად პროექტმა გარე ექსპერტები იქირავა. 10 მაისს ეს თავები მზად იქნება.
  • გარემოს დაცვის მართვის თავები ცოტა ჩამორჩა, ვინაიდან მათი ავტორი იმავე დროს პროექტის კოორდინატორია პრაქტიკულად და ბუნებრივია, ორ საქმეს ერთდროულად ვერ ასწრებს. თუმცა მაისამდე ისინიც მზად იქნება.
  • კარტოგრაფიის დეპარტამენტი გვიმზადებს რუკებს რამოდენიმე თავისთვის. აგრეთვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს გეოგრაფიის ინსტიტუტთან პუბლიკაციაში მათი რუკების გამოყენების თაობაზე.
მაისიდან ჩვენ დავიწყებთ გამზადებული თავების დაკაბადონებას (დაკაბადონებული ტექსტები განთავსდება ამ გვერდზე). ის თავები, რომლებიც სხვა უწყებების ინტერესთა სფეროებსაც ფარავს (მაგალითად ეკონომიკური თავები) დაკაბადონებამდე გაიგზავნება კომენტარებისთვის შესაბამის უწყებებში. პარალელურად მომზადდება მოხსენების ინგლისური ვარიანტიც.

დაახლოებით ივნისის მესამე დეკადაში მოხსენების სრული დაკაბადონებული ვარიანტი გაიგზავნება საბოლოო კომენტარებისთვის ყველა სამინისტროში, პარლამენტში, აჭარის მთავრობაში და სამხარეო ადმინისტრაციებში. ზაფხულის განმავლობაში მოგროვდება მათი კომენტარები, ტექსტი შესაბამისად შესწორდება და სექტემბერში მზად იქნება მოხსენების დასრულებული ვარიანტი, მთავრობისთვის წარსადგენად.

PS: სამწუხაროდ, გეოგრაფიის ინსტიტუტთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. როგორც გაირკვა, ინსტიტუტი რუკებს ატლასის გამოსაცემად ამზადებს და მის გამოსვლამდე მათი რუკები ხელმისაწვდომი არაა.

5 comments:

  1. მარატ ციცქიშვილიApril 26, 2010 at 10:07 PM

    ლია,

    ბოდიში, რომ გვიან გიგზავნით მოსაზრებებს!

    მგონი გამოგადგებათ ჩემი ოპუსი "მონიტორინგზე" და შენიშვნები "შედარებაზე".

    მთლიანობაში ძალიან კარგი გამოგივათ!

    ReplyDelete
  2. მარატ ციცქიშვილიApril 26, 2010 at 10:09 PM

    საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია

    გარეშე თვალით დანახული შენიშვნები

    „გარემოს მდგომარეობის შესახებ“ ეროვნული მოხსენების ინდიკატორების შედარება UNECE რეკომენდებულ ინდიკატორებთან”

    თავიდანვე პრინციპული მხარდაჭერა და დადებითი შეფასება უნდა მიეცეს ამგვარ შედარებას. ერთია, რომ ამგვარი შედარება დაგვიანებულია ათეული წლებით!

    ჩვენი შენიშვნების მიზანია: არა მარტო აქცენტაცია გაუწიოთ თვალში საცემ ხარვეზებს, არამედ წარმოვაჩინოთ ის, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს.

    მივყვეთ თანმიმდევრულად:

    1. ჰაერის დაცვა, ოზონის შრის დაცვასთან ერთად.
    აქ დიდი და გადაულახავი პრობლემები არ არის;
    ოზონის შრის დაცვისათვის პრობლემები საქართველოდან პრაქტიკულად არ არის: ჩვენ არა გვაქვს სამაცივრო მრეწველობა ქლორშემცველი რეაგენტების გამოყენებით.
    ზოგადად ჰაერის დაჭუჭყიანების პრობლემა, მიუხცედავად გაუნათლებელი სტიქიური “ეკოლოგების” პუბლიკაციებისა, გადაუჭრელ პრობლემას საქართველოში და კერძოთ თბილისში არ წარმოადგენს: ბუნებრივი აერაცია, რბილი კლიმატი, შტილისა და ინვერსიების მოკლე პერიოდი გამორიცხავს ჰაერის დაჭუჭყიანების საშიშ სიტუაციებს საქართველოში. Aამავ დროს, არ არის გამორიცხული არსებობა ლოკალური “გადატვირთვებისა” იმ უბნებში, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან ტოქსიკური ამონაბოლქვების ლოკალურ წყაროებს. Aამის მიზეზი – უხარისხო ფალსიფიცირებული ავტოსაწვავი და სრული ტექნოლოგიური უკონტროლობაა მომუშავე საწარმოებებში! Gგამოსავალი ამ სიტუაციიდან გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზაციულ-ინსტიტუციონალურ ცვლილებებშია: უნდა შეიქმნას “იმპაქტური მონიტორინგის ქსელი” და სპეციალური ინსპექცია! ცივილიზებულ ქვეყნებში ასეთი რამ დიდი ხანია არსებობს, საქართველოშიც იყო!
    განმარტება: იმპაქტური მონიტორინგის ქსელი – თვით წარმოების ანგარიშზე მყოფი საუწყებო ლაბორატორიებია, სამინისტროს მუდმივი კონტროლის ქვეშ, რეგულარული ანგარიშგებით! Uუამისოდ არარეალურია “დაჭუჭყიანების წყაროების” კონტროლი. სპეციალური ინსპექცია კი აკონტროლებს საწვავის ხარისხსა და ტექნიკური დანადგარების შესაბამისობას!
    შენიშვნა: არავითარ შემთხვევაში ეს სტრუქტურები არ უნდა შეიქმნას გარემოს დაცვის სამინისტროსთან – არსებული რეალობა გვეუბნება, რომ შეიქმნება არა ქმედითი სტრუქტურები (საესტრადო ანსამბლები).

    Mმთავარი: “შეპირისპირება” აჩვენებს “კონკრეტული წყაროსათვის დამახასიათებელი” მინარევის კონტროლის აუცილებლობას –ეს მონაცემები ან არ არის ან სანდო არ არის! და ეს არის მთავარი პრობლემა საქართველოს ჰარეის მოლისმოლოგიური კონტროლისა!
    “შეპირისპირება” აქცენტს აკეთებს არა დაჭუჭყიანების დონეებზე, არამედ მენეჯმენტზე – სიტუაციის მართვის მახასიათებლებზე, რომლების მახასიათებლები არ არის სამინისტროს ანგარისებში. “მახასიათებლები’ არ არის – არც მართვა არ არის; არის მხოლოდ სიტუაციის ფიქსაცია, ისიც უსარისხო და არაპროფესიონალური!

    ReplyDelete
  3. მარატ ციცქიშვილიApril 26, 2010 at 10:12 PM

    2. წყლის რესურსები.
    “შედარებიდან” ნათლად ვლინდება, რომ აქ თანხვედრა არსებულ და “მოთხოვნილ” ინფორმაციას შორის კიდევ უფრო ნაკლებია. Dდა ეს სხვაობები ეხება არა იმდენად მოლისმოლოგიურ მონაცემებს (დაჭუჭყიანების მახასიათებლები), არამედ წყლის მართვის (მენეჯმენტის) მახასიათებლებს. ამ ფაქტში ნათლად ვლინდება ის ყველასათვის ცნობილი ფაქტი (თუმც საქართველოს სპეციალისტებისათვის ეს ჯერაც უცნობია), რომ ეკოლოგია არის არა მარტო კონტროლის, არამედ მართვის მეცნიერება (თეორია და პრაქტიკა); საქართველოს გარემოსდაცვის სტრუქტურები და უმრავლესობა მეცნიერებისა ეკოლოგიას გამწვანების ღონისძიებებათ აღიქვამენ!
    ის რომ არ არის მონაცემები გამწმენდი ნაგებობის მუშაობის შესახებ სავსებით ბუნებრივია – სადაა მომუშავე გამწმენდი ნაგებობები საქართველოში? ან როდის იმუშავებენ? ნეტავ მათ საპასპორტო მონაცემებს თუ გაცნობია ამ დარგის ხელმძღვანელობა? იჩქარონ, თორემ მალე მაკაროვაც (უკანასკნელი, ვინაც წაიკითხა) პენსიაში გავა და მერე იმ ნაგებობებს რესტორნებათ გადააკეთებენ!

    3. ბიომრავალფეროვნების დაცვა. მონაცემები ნათლად ადასტურებენ, “მოთხოვნასთან” შედარებით, რომ ამ საქმოანობას მხოლოდ ტყის აღრიცხვით “შემოფარგლავს” სამინისტრო. ამავ დროს საქართველოში ამ საქმიანობით დიდი წარმატებით არის დაკავებული WWF-ი და NACRES-ი. უნდა მათი მონაცემები იქნეს უფრო ფართოდ ჩართული ეროვნულ მოხსენებაში – მითუმეტეს რომ სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურები ტყის მონაცემების გარდა ინფორმაციას არ ფლობენ!.

    აქ არ შეიძლება არ ითქვას გადაჭრით მგლებზე – საქართველოსათვის ეს არ არის დასაცავი სახეობა! თუ გაგრძელდა ამ მიმართულებით გაურკვევლობა ჩვენ იძულებული ვიქნებით იურიდიული დევნა გამოვუცხადოთ სათანადო სტრუქტურებს, მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით!
    აღსანიშნავია, რომ ანგარიშში არ არის მოთხოვნილი ინფორმაცია შესაბამისი საერთაშორისო კონვენციების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოში. არის ამგვარი ინფორმაცია? უპრიანია ვიკითხოთ – არის თუ არა ამგვარი საქმიანობა საქართველოში? თვით ამ კონვენციების ქართულენოვანი ტექსტები თუ მაინც არის ჩასწორებული? თუ არსებობს “კანონქვემდებარე აქტები? თუ არის გაწერილი სათანადო რეგლამენტი, ინსტრუქციები?

    ReplyDelete
  4. მარატ ციცქიშვილიApril 26, 2010 at 10:13 PM

    4. მიწა და ნიადაგები. აქვე 5. სოფლის მეურნეობა. აქ მონაცემები სოფლის მეურნეობას უნდა მოეკითხოს, მითუმეტეს, რომ ნიდაგდამცავი ღონისძიებები არ ტარდება გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ! პესტიციდების მოხმარებასთან ერთად დაშვებული მარკების ნუსხაც უნდა არსებობდეს ცივილიზებულ სახელმწიფოში! საინტერესოა, რომ მოთხოვნაში ცალკეა მინერალური და ცალკე ორგანული სასუქები! ნეტავი მინისტრმა თუ იცის რატომ?

    6. ენერგეტიკა. ეს არის ყველაზე მტკივნეული პოზიცია არა მარტო ეროვნული მოხსენების, არამედ საქართველოს რეალობისათვის. საკითხის მტკივნეულობა გამძაფრებულია ამ საკითხზე მკვეთრად განსხვავებული შეხედულებებით სავსებით ავტორიტეტული სპეციალისტების მხრიდან! არადა ამ პრობლემის გადაჭრაზეა დამოკიდებული ჩვენი ბუნების და მთლიანად ქვეყნის მომავალი! ეს აუცილებლად უნდა გაჟღერდეს ეროვნულ მოხსენებაში.

    სიტუაცია ასეთია: ოფიციალურფად საქართველო ჰიდრორსურსებით მდიდარ ქვეყანად ითვლება სავსებით საფუძვლიანად! საქართველოს არ აქვს ოფიციალურად დიდი ენერგოდეფიციტი, ვინაიდან პრაქტიკულად არ აქვს მრეწველობა და მზარდი მოთხოვნილობა ენერგიაზე. საქართველო ყიდის ელექტროენერგიას და აპირებს კიდევ უფრო გაზარდოს ელექტროენერგიის ექსპორტი. ნორმალური ადამიანი ამას ვერ გაიგებს – საკუთარ მოსახლეობას ტყავს ვაძრობთ დენის საფასურით, ქვეყნის გარეთ კი ელექტროენერგიას კაპიკებათ ვყიდით, თითქმის თვითღირებულების ფასად; სხვა ფასად ჩვენი არასტაბილური და უხარისხო ეკექტროენერგია არავის არ უნდა!

    სინამდვილე სულ სხვაა: ჩვენ უსაშველოდ ჩამოვრჩებით მეტ-ნაკლებად ცივილიზირებულ ქვეყნებს ერთეულ მოსახლეზე “ენერგოაღჭურვილობით”; ჩვენ ვართ არაცივილიზებული ქვეყნების დონეზე; ეს მახასიათებელი არის უნივერსალური მახასიათებელი ცივილიზებულობისა. ქვეყნის ენერგობალანსში შეშის წვლილი ჰიდრორესურსებზე გაცილებით მეტია – აქაც ჩვენ ველური ქვეყნების დონეზე ვართ! სულ რამოდენიმე წელი და – ჩვენ დავემშვიდობებით ჩვენ ტყეებს, ოცნებებს ტურისტულ სამოთხეზე, ევროპის მასშტაბის სარეკრეაციო ცენტრებზე და “გაბრწყინებულ მომავალზე”. ყველაზე საშინელება ისაა, რომ ჩვენ არც კი ვიცით რეალური მოცულობები ყოველწლიურად შეშაზე გაჩეხილი ტყეებისა, ვინაიდან შეშის მნიშვნელოვანი ნაწილი გადის მეზობლების უტყეო რეგიონებში. საოცარია, რომ შეშათ იჭრება უნიკალური სამერქნე ჯიშებიც, რომლის სათანადო დამუშავება-რეალიზაციის შემთხვევაში სამჯერ მეტ სათბობი საწვავის შეძენა იქნებოდა შესაძლებელი! Kკიდევ უფრო საშინელებაა ის რეალობა, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალი არ არის: თუ ჩვენ ჰიდრორესურსების დაჩქარებულ ათვისებას დავიწყებთ, საქმეს მაინც ვერ უშველით – მხოლოდ 12-15 წლის შემდეგ ამ ენერგიეს ფასი შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი მოსახლეობისათვის, ისიც მთავრობის კეთილი ნების შემთხვევაში; მანამდი ჰიდროელექტროენერგიის გამომუშავება ძალიან ძვირი ჯდება!
    აქ არ არის ადგილი “გამოსავლის რეცეპტების” განხილვისა, ამას მთელი ტომები და მრავალრიცხოვანი კოლექტივი ესაჭიროება. მხოლოდ უნდა აღინიშნოს, რომ ტრადიციული ლოზუნგები ალტერნატიული ენრგეტიკის განვითარებისა არარეალურია. Uუპირველესად სიძვირის გამო, და იმის გამო, რომ ალტერნატიული ენერგეტიკის “ეკოლოგიური სისუფთავე” ცოტა გადამეტებულია!

    დანარჩენი მახასიათებლები (ნარჩენები, წიაღიდეული და ასე შემდეგ) დიდ შეკითხვებს არ ბადებენ.

    ReplyDelete
  5. ბატონი მარატის სტატია მონიტორინგთან დაკავშირებთ მოთავსებულია "სასარგებლო ბმულებში"

    ReplyDelete