მეორე შეხვედრა დამოუკიდებელ ექსპერტებთან

26 მარტს, 11 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დარბაზში გაიმართა შეხვედრა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადებაში მონაწილეობით დაინტერესებულ გარე ექსპერტებთან.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: ეკოლოგიური აკადემია (ბ-ნი გიორგი მახარაძე), ეკოლოგიური უსაფრთხოების საზოგადოება (ბ-ნი ზურაბ ცქვიტინიძე), სამეცნიერო ასოციაცია "ეკოთექი" (ბ-ნი თემურ ვეკუა), ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ-ნები ნინო ქოქიაშვილი და მარინა გახუტიშვილი), CENN (ნინო თევზაძე), საქართველოს მწვანეთა მოძრაობა (ბ-ნი პავლე ცაგარეიშვილი). სამინისტროს მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამმართველო (მაია ჯავახიშვილი და თორნიკე ფულარიანი), საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო (მაია ვაშაკიძე), წყლის რესურსების მართვის სამმართველო (მარინა მაკაროვა), მიწის მართვის სამმართველო (ბენო გელუტაშვილი), ჰაერის მართვის სამმართველო (ნოე მეგრელიშვილი), გეოლოგიის სამმართველო (ივანე შველიძე), საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური (თემურ სუხიტაშვილი), გარემოს ეროვნული სააგენტო (მარინე არაბიძე, თამარ მაღლაკელიძე, გულჩინა კუჭავა). შეხვედრას ესწრებოდნენ კონსულტანტები ტომ სტეფორდი (EPA Ireland) და ლია თოდუა (CSRDG).

გაიმართა მსჯელობა მოხსენების ცალკეული ნაწილების პროექტებზე წარმოდგენილ შენიშვნებთან დაკავშირებით:
  • განიმარტა ბ-ნი გიორგი მახარაძის შენიშვნა იმის თაობაზე, რომ სააგენტოს დიაგრამა მტკვარში მეტალების კონცენტრაციის თაობაზე არ შეიძლება სწორი იყოს. საქმე იმაშია, რომ 7-8 pH მქონე მდინარეებში ფუძე მეტალები ძალზედ მალე ილექება და იონის კონცენტრაციამ დიაგრამებში მითითებულ მნიშვნელობებს შეიძლება მიაღწიოს მხოლოდ უაღრესად სერიუზული ზემოქმედების შედეგად (რაც თავის მხრივ მთლიანად გაანადგურებდა თევზებს, მოწამლავდა გარემოს, ანუ იოლად შესამჩნევი იქნებოდა). შესაძლოა მეტალების კონცენტრაციის მაღალი მნიშვნელობები გამოწვეული იყოს სინჯების არასათანადო გაფილტვრით, რის შედეგადაც სინჯებში არა მარტო გახსნილი, არამედ გამოლექილი მეტალებიც მოხვდა. გარემოს ეროვნულმა სააგენტოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გადაამოწმებენ თავიანთ მონაცემებს ამ შენიშვნის გათვალისწინებით.
  • განხილული იქნა ბ-ნ თემურ ვეკუას მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია გარემოს მონიტორინგისას გამოყენებული გაზომვების მეთოდოლოგიისა და გამზომი აპარატურის შესახებ. ქ-ნმა მარინე არაბიძემ გააკეთა პრეზენტაცია გარემოს დაცვის სააგენტოს გარემოს მონიტორინგის დეპარტამენტის შესაძლებლობების შესახებ. წარმოდგენილი იქნა ფოტოები იმის დასადასტურებლად, რომ ლაბორატორიებში განახლებულია ყველაფერი, ქიმიური ჭურჭლიდან დაწყებული და უახლესი გაზ-სპექტრომეტრით დამთავრებული. რომ ლაბორატორიები რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო დაკალიბრებისა თუ ტესტირების გამოცდებში და უკვე მოიპოვეს სერტიფიკატები რიგი პარამეტრების გაზომვათა შესაბამისობაზე, სხვა პარამეტრებზე კი მუშაობა გრძელდება. ლაბორატორიის თანამშრომლები (არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონულ ლაბორატორიებშიც) გადიან რეგულარულ თრენინგებს და მათი მუშაობის ხარისხი მუდმივად უმჯობესდება. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს ქ-ნი მარინას პრეზენტაციის დამაჯერებლობა და გამოთქვეს სურვილი, რომ მომავალშიც სააგენტოს თანამშრომლობა საზოგადოებასთან ამგვარი გახსნილობის ფორმატში წარიმართოს.
  • განხილული იქნა ბ-ნ ზურაბ ცქვიტინიძის შენიშვნები მოხსენების მე-4 თავში საქართველოში კლიმატის ცვლილების გამოვლინებათა ზედმეტად ცალსახა ასახვის თაობაზე. ვინაიდან ამ თავის ავტორი, ქ-ნი მედეა ინაშვილი მივლინებაში იყო და შეხვედრას არ ესწრებოდა, და გარდა ამისა, იგი ამზადებს ამ თავის მეორე პროექტს, სადაც აღნიშნული საკითხი უფრო ფართოდ იქნება განხილული, შევთანხმდით, რომ საკითხი ამ პროექტის გამოქვეყნების შემდეგ განვიხილოთ. გარდა ამისა, მიზანშეწონილია კლიმატის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების მცირე შეხვედრის ორგანიზება, რათა მათ შორის მიიღწეს შეთანხმება იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად როგორ გამოვლინდება კლიმატის გლობალური ცვლილება საქართველოში.
  • ქ-ნები ნინო ქოქიაშვილი და მარინა გახუტიშვილი დაინტერესდნენ, თუ რომელ თავებში იქნება ასახული პესტიციდებით გარემოს დაბინძურების საკითხები. ეს საკითხები გაშუქდება როგორც ნარჩენების თავში, ასევე ქიმიკატების თავში და სოფლის მეურნეობის გარემოზე ზემოქმედების თავში.
  • ბ-ნმა პავლე ცაგარეიშვილმა გულისტკივილი გამოთქვა იმის გამო, რომ გარემოსდაცვითი აღრიცხვიანობა ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მცირდება და შესაბამისად მცირდება ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენებისთვის.
  • გამოითქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ მწირი მონიტორინგისა და ანგარიშგების პირობებში იქნებ საერთოდ აზრი არ აქვს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადებას? ტომ სტეფორდის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით იყო ის, რომ გარემოსდაცვითი პრობლემების დიდი ნაწილის გამოვლენა ასეთ პირობებშიც შესაძლებელია. რა თქმა უნდა უკეთესი იქნებოდა, მეტი ინფორმაცია რომ გვქონდეს. მაგრამ არარაციონალურია ვიჯდეთ და ინფორმაციას ველოდოთ, მაშინ როცა შეგვიძლია ნაწილი პრობლემები მაინც გამოვავლინოთ და მათ გადაჭრაზე ვიზრუნოთ. თუმცა მონიტორინგის შეძლებისდაგვარად აღდგენა რა თქმა უნდა აუცილებელია.

10 comments:

  1. თემურ ვეკუაMarch 27, 2010 at 4:29 AM

    Qalbatono Maia,me vpiqrob,1)rom erovnuli mokhsenebis danishnulebaa-misi dakhmarebit garemosdacvitma samsakhurebma,arasamtavroebma organizaciebma dakhvetson tavianti samoqmedo oreali,samushao programebi.Dadgides pirveli rigis amotsanebi,mokhdes amotsanebis ranjireba.2).Ase monitoringis organizeba da misi rolis minicheba ar sheidzleba.Monitoringi aris sistematiuri an mudmivi dakvirebis organizeba.Atmosferuli haeris dabindzurebisas gasatvalistsinebelia kumuliatiuri (jamuri)efeqti.3).

    Tsalke sakitkhia sazogadoebrivi ekologiuri monitoringis organizeba-Gtkhovt ikhilot danarti

    ReplyDelete
  2. თემურ ვეკუაMarch 27, 2010 at 4:30 AM

    გარემოს დაცვის საზოგადოებრივი მონიტორინგის იდეა ახალი არ არის. ასეთი ტიპის საზოგადოებრივი აქტივობა ხელს უწყობს საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას გარემოზე ზემოქმედებისადმი და მის ინფორმირებულობას გარემოს დაცვის საკითხში. შემოთავაზებული აქტივობა განსაზღვრულია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე (მათ შორის აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში). არსებული მონიტორინგის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების ფართო მონაწილეობას გარემოს დაცვის პრობლემებში. ასეთი მონაწილეობა კი აუცილებელია, რათა მოცული იყოს ყველა დასახლებული პუნქტი, აღმოჩენილი იყოს გარემოს დაცვის ყველა ”ცხელი წერტილი”. ეს ცხელი წერტილები იქნება საზოგადოებრივი ეკოლოგიური მონიტორინგის ძირითადი ობიექტები.

    მოქმედი სახელმწიფო ეკოლოგიური მონიტორინგი მოიცავს შემდეგ სისტემებს:
    • მონიტორინგის საბაზო ქსელს;
    • ანტროპოგენური ზემოქმედების მონიტორინგს;
    • სამრეწველო წყაროების მონიტორინგს.
    ამ სისტემებით მიღებული ინფორმაცია ზოგჯერ ფორმალურ ხასიათს ატარებს (რადგან მიიღება დაინტერესებული პირებისგან), აგრეთვე ის არ არის უწყვეტი. დღევანდელ პირობებში აუცილებელია საზოგადოებრივი ეკოლოგიური მონიტორინგის ორგანიზება. ევროკავშირის დირექტივებში მთავარი პრიორიტეტია გარემოს დაცვის ზემოქმედაბა მოსახლეობის ჯამრთელბაზე, რაც მოითხოვს ნორმატიულ, საორგანიზაციო და ფინანსურ ძალისხმევას. საზოგადოებრივი ეკოლოგიური მონიტორინგი მომზადებული კითხვარის დახმარებით საშუალებას მოგვცემს მივიღოთ ინფორმაცია გარემოს ზემოქმედების გავლენის შესახებ ადამიანზე ბიოლოგიური თვალსაზრისით. საზოგადოებრივი ეკოლოგიური მონიტორინგის მეორე საკვანძო საკითხი არის ინფორმაციის გავრცელება გარემოს მდგომარეობაზე, გარდა ამისა საზოგადოების მონაწილეობა გარემოს დაცვის პრობლემებში იძლევა სერიოზულ წინაპირობას კონსტრუქციული დიალოგის ორგანიზებისათვის, რათა მოხდეს საზოგადოების და სპეციალისტების კონსოლიდაცია ეკოლოგიური პრობლემების დაძლევისათვის. ორხუსის კონვენცია ითვალისწინებს საზოგადოების მონაწილეობას გარემოს დაცვის პრობლემების გადაწყვეტაში, სრული ინფორმაციის შეუზღუდავად მიღებას. ამავე დროს მოხდება ფართო საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში,რაც გააუმჯობესებს მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებების ხარისხს.

    ReplyDelete
  3. თემურ ვეკუაMarch 27, 2010 at 4:35 AM

    კითხვარი

    1)გთხოვთ გამოყოთ თქვენი რაიონისთვის მთავარი ეკოლოგიური პრობლემები ქვემოთ ჩამოთვლილი ნუსხიდან (თქვენი აზრით):
    a)ტყეების უკონტროლო ჭრა, ტყეების რესურსების დაცვა.
    b)ატმოსფერული ჰაერის გაბინძურება.
    g)წყლის გაბინძურება.
    დ)ნიადაგის გაბინძურება.
    e)ზოგადი სანიტარულ-ეკოლოგიური მდგომარეობა.
    v)ნიადაგის ეროზია, ეროზიული მოვლენები.
    2)აქვს თუ არა კომუნალურ მეურნეობას გამწმენდი ნაგებობები და როგორ ფუნქციონირებენ?
    3)რა მდგომარეობაშია საკანალიზაციო ქსელები, სანიაღვრე წყალსადენი?
    4)ხდება თუ არა თქვენთან სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი?
    5)რა მგომარეობაშია თქვენთან არსებული მწვანე საფარი, მწვანე ნარგავების გაშენება?
    6) რა მდგომარეობაშია ნაგავსაყრელები. ორგანიზებულია თუ სტიქიური?
    7) ხომ არ არის თქვენთან მეწყერსაშიში ზონები?არის თუ არა მოსალოდნელი(ან იყო)სტიქიური მოვლენები?
    8)ხდება თუ არა კვების პროდუქტების სათანადო კონტროლი სანიტარულ და ეკოლოგიურ სისუფთავეზე?
    9)ხომ არ არის ან იყო თქვენთან გავრცელებული ამერიკული თეთრი პეპელა ან სხვა მავნე ორგანიზმები? მაწანწალა ძაღლები?
    10)ხომ არ არის თქვენთან ტოქსიკური ნივთიერებების სამარხები, სხვა სახის სამარხები, ხომ არ იყო განლაგებული რუსეთის ჯარის ბაზები? ხომ არ არის ცნობილი თქვენთვის რადიონუკლიდების წყაროებზე (ქარხნებში,სამედიცინო დაწესებულებებში ან სხვაგან)
    11)ხომ არ ხდება თქვენთან ბუნებრივი რესურსების უკონტროლო მოპოვება და გამოყენება?
    12)მოიმატა თუ არა თქვენთან ალერგიულმა დაავადებებმა, იმუნური სისტემის დამაქვეითებელმა, ონკოლოგიურმა დაავადებებმა?
    13) ხომ არ გადის თქვენთან ნავთობსადენი ბაქო-ჯეიხანი ან ბაქო-სუფსა?
    14) ხომ არ შეინიშნება თქვენთან ”ღორის” ან სხვა გრიპის ნიშნები?
    15)თქვენის აზრით როგორ მუშაობენ სახელმწიფო უწყებები, მათი სტრუქტურები (გარემოს დაცვის სამ-რო, მუნიციპალური და კომუნალური სამსახურები, ადგილობრივი სახელისუფლო ორგანოები და სხვა).აქვს თუ არა მოსახლეობას ინფორმაცია ეკოლოგიურ მდგომარეობაზე?
    16)გთხოვთ ცალკე მიუნიშნოთ საყურადღებო ან საგანგებო ფაქტები, რომლებიც დაკავშირებულია ეკოლოგიის(გარემოს დაცვის) პრობლემატიკასთან.

    ReplyDelete
  4. ლია თოდუაMarch 28, 2010 at 9:45 PM

    ბატონი გიორგი,

    ვფიქრობ, თქვენს მიერ წამოწეული საკითხი (საქართველოს მდინარეების pH და აქედან გამომდინარე მეტალების მაღალი კონცენტრაციების შეუძლებლობას ვგულისხმობ) ფრიად მნიშვნელოვანია და ეროვნულ მოხსენებაში სათანადოდ მოხსენიებას იმსახურებს. ხომ ვერ მიგვითითებდით პუბლიკაციებს, რომელსაც შეიძლება დავეყრდნოთ? ხომ არ შეიძლება მათი ინტერნეტში ნახვა? თუ არა, იქნებ მოგვაწოდოთ მათი ტექსტები და ჩვენ დავდებთ ბლოგზე, რომ ასეთი სახით მაინც იყოს ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის.

    ReplyDelete
  5. გ. მახარაძეMarch 28, 2010 at 9:46 PM

    ქ-ნო ლია ბლოგში ნახსენებია ფუძე მეტალები, ასეთი ტერმინი მე არ მიხმარია. უნდა იყოს მეტალები. რაც შეეხება ლიტერატურას საქართველოს მდინარეებში მიკროელემენტების შემცვლელობის შესახებ - საკმარისია გ. სუპატაშვილის მონოგრაფიის ნახვა-Г.Д. Супаташвили. Гидрохимия Грузииб ТГУ.2003. ხოლო მეტალთა ფორმები მოცემულია მონოგრაფიაში გ.მახარაძე -ფულვომჟავები, გამომც..მერიდიანი, 2009. ამ წიგნებს თუ გნებავთ მოგაწვდით.

    ReplyDelete
  6. ლია თოდუაMarch 28, 2010 at 9:48 PM

    წიგნებს თუ მოგვაწვდით, დავასკანერებთ ამ სტატიებს და დავდებთ. წინასწარ დიდი მადლობა.

    პს: ისე, ჩემი ზოგადი განათლებისთვის _ მე „ფუძე მეტალები“ იმიტომ ვიხმარე, რომ კალიუმი და ნატრიუმი, რამდენადაც ვიცი, ტუტე ხსნარში არ გამოილექება. ამიტომ, ზოგადად „მეტალები“ რომ მეხმარა, ფრაზა ჩემი აზრით არასწორი გამომდიოდა. ეტყობა შემეშალა? იქნებ ამიხსნათ?

    ReplyDelete
  7. გ. მახარაძეMarch 29, 2010 at 4:28 AM

    ქ-ნო ლია, ბოდიშის მოხდით შეგახსენებთ, რომ ნატრიუმი და კალიუმი მიკროელემენტებს არ განეკუთვნებიან, მე კი მიკროელემენტებზე ვლაპარაკობდი.

    წიგნებს მოგაწვდით.

    ReplyDelete
  8. ზურაბ ცქვიტინიძეMarch 29, 2010 at 11:05 AM

    ქ-ნო ლია პრინციპულად დადებითია თქვენი ობიექტური და არამიკერძოებული შეფასება დასმული შეკითხვების, მათზე გაცემული პასუხების, დისკუსიის შედეგების და კომენტარების მიმართ. ეს პასუხობს დამოუკიდებელი ექსპერტების პრინციპულ პოზიციას – საკითხები იქნეს განხილული არა კერძო ინტერესების ასპექტში, არამედ ქვეყნისათვის და საზოგადოებისათვის არსებული პრობლემების ოპტიმალური გადაწყვეტის მოტივირებით.

    კონკრეტულად, ყოველ სადისკუსიო პრობლემაზე სახელმწიფო სტრუქტურის ან უშუალოდ შემსრულებლის მიერ მომზადებული ინფორმაციიდან საინტერესოა არა ის, რასაც ისინი აკეთებენ (რაზეც, ბუნებრივია მათ შეუძლიათ დაუსრულებლად თავის მოწონება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ საკითხში არსებობს საერთაშორისო დახმარების პროექტის შედეგები), არამედ მნიშვნელოვანია არ მოხდეს თვალის ახვევა და მკაცრად განისაზღვროს რა ევალებათ მათ პრობლემების გადაწყვეტის მიმართ. აქედან გამომდინარე, მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს – რა უშლით ხელს ამ პრობლემების გადაწყვეტის მიმართულებით. ასეთი მიდგომის ფარგლებში ყოველთვის მოინახება სირთულეების გადალახვის ოპტიმალური გზა და საშუალებები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ უმეტესი ხარვეზები სუბიექტური ხასიათისაა და ხელოვნურადაა დაკავშირებული ეკონომიკურ უზრუნველყოფაში არსებულ სირთულეებთან.

    კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა პატივისცემას თქვენი მიდგომის მიმართ გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტისა და ჩვენი უნიკალური ქვეყნის (ყოველგვარი მიკერძოებისა და გადაჭარბების გარეშე) ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.

    გილოცავთ ბზობას!

    ღრმა პატივისცემით,

    ზურაბ ცქვიტინიძე – კავშირი „ეკოლოგიური უსაფრთხოების საზოგადოება“

    ReplyDelete
  9. გ. მახარაძეMarch 30, 2010 at 2:20 AM

    მეტალების (მიკროელემენტების) კონცენტრაციები წყალში ლიმიტირებულია ბუნებრივ წყლებში მიმდინარე ფიზიკო-ქიმიური პროცესებით: მათი ნაერთების ხსნადობით, სორბციული და კომპლექსწარმოქმნის პროცესებით, ჰიდროლიზით. როგორც იონთა მდგომარეობის დიაგრამებიდან ჩანს (გ. მახარაძე - გვ.70-71) pH7-ის ზემოთ წყალხსნარებში მეტალები ჰიდროლიზებად ფორმებში, ანუ ნალექწარმოქმნის სტადიაში იმყოფებიან. ამ პროცესის კომპენსაცია კომპლექსწარმოქმნითაა შესაძლებელი. მაგრამ ეს არ ხდება იმიტომ, რომ არსებობს უკუკავშირი pH-ის სიდიდესა და მთავარ ორგანულ ლიგანდს – ფულვომჟავებს შორის. ანუ pH-ის გაზრდისას წყლებში ფულვომჟავების კონცენტრაცია კლებულობს (გ. მახარაძე გვ. 12). ეს კი თავის მხრივ გავლენას ახდენს მძიმე ლითონების მიგრაციის ფორმებზე (გ.მახარაძე გვ. 89-90) ამას თუ დავუმატებთ სორბციულ პროცესებს (კრებული ც. გოლიაძის სტატია 144-149) უკვე გასაგები უნდა იყოს თუ რატომაა ლიმიტირებული მეტალების (მიკროელემენტების) კონცენტრაცია ბუნებრივ ზედაპირულ წყლებში. მონაცემები მათი კონცენტრაციის დიაპაზონების შესასხებ მოცემულია გ. სუპატაშვილის მონოგრაფიაში გვ. 267-268, 291-292, 280-281, 305, 314, 324, 334.

    საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ როდესაც საზღვარგარეთ ყურადრებით ადევნებენ თვალს ქართველი ჰიდროქიმიკოსების შრომებს, საქართველოში მათ არც კი კითხულობენ. ამიტომ ხდება კურიოზული შეცდომები...

    ReplyDelete
  10. ბატონი გიორგი მახარაძის მოწოდებული მასალები იხ. ”სასარგებლო ბმულებში”

    ReplyDelete