შემოსული კომენტარები ანგარიშის სტრუქტურასთან დაკავშირებით

აქ, კომენტარებში, დაიდება გარემოს შესახებ ეროვნული მოხსენების ჩვენს მიერ შემოთავაზებულ სტრუქტურასთან დაკავშირებით შემოსული ყველა კომენტარი.

განცხადება!

დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომელთაც აქვთ სურვილი თავიანთი წვლილი შეიტანონ საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადებაში, ვთხოვთ:
  • 15 თებერვლამდე მოგვაწოდონ შენიშვნები მოხსენების შემოთავაზებულ სტრუქტურასთან დაკავშირებით;
  • 8 თებერვლამდე მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუ რომელ თავზე/სექციაზე მუშაობაში სურთ მონაწილეობა.
ინფორმაციის მოწოდებისთვის გთხოვთ გამოიყენოთ თქვენთვის მისაღები ერთ-ერთი გზა:
  • კომენტარი ამ ბლოგზე;
  • ელ-წერილი მისამართებზე liatodua@csrdg.ge ან mjavakhishvili@gmail.com ;
  • ოფიციალური მიმართვა სამინისტროს.

შეხვედრა დამოუკიდებელ ექსპერტებთან

29 იანვარს, 12 საათზე, გარემოს დაცვის სამინისტროს დარბაზში გაიმართა პროექტის შეხვედრა გარე ექსპერტებთან. ესწრებოდა 12 ექსპერტი: ოთხი ქალბატონი თბილისის ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან: მარინა გახუტიშვილი, ნინო კოკიაშვილი, ნინო არჩვაძე და ნანა დვალიშვილი; მეცნიერებათა აკადემიიდან ბ-ნი გიზო ურუშაძე, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან: ირაკლი ქობულია (CENN), კახა ნადირაძე (ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია, AFRD), გია სოფაძე (ეკოხედვა), ზურაბ ცქვიტინიძე (ეკოლოგიური უსაფრთხოების საზოგადოება), მარატ ციცქიშვილი და გიორგი მახარაძე (ეკოაკადემია), ქეთი გუჯარაიძე (მწვანე ალტერნატივა). სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი იყო გარემოსდაცვითი პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი (ნინო შარაშიძე, მაია ჯავახიშვილი და ხათუნა ჩიკვილაძე), კლიმატის ცვლილების სამმართველო (მედეა ინაშვილი) და ჰაერის დაცვის სამმართველო (ნოე მეგრელიშვილი). ვიყავით მე და ტომ სტეფორდიც.

ვინაიდან ეროვნული მოხსენების სტრუქტურის ტექსტი მხოლოდ შეხვედრის წინა საღამოს დაეგზავნა ექსპერტებს, მოლოდინი იმისა, რომ ისინი შეხვედრაზევე წარმოადგენდნენ კონკრეტულ შენიშვნებს, არ ყოფილა. ვიმსჯელეთ ზოგადად პროცესზე და შემდგომი მუშაობის ფორმატზე. ქეთი გუჯარაიძემ აღნიშნა, რომ მისთვის მისაღებია პროექტის გამჭვირვალობის ასეთი ფორმატი (ბლოგი და მასზე განთავსებული დოკუმენტები, ასევე ანგარიშები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როდის რას აკეთებს პროექტი), ბატონმა გიზო ურუშაძემ კი დაამატა, რომ კარგი იქნებოდა, თუ სამინისტროს სხვა პროექტებიც მიბაძავდნენ ამ მაგალითს. ბატონმა მარატ ციცქიშვილმა გამოთქვა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ პროექტი შეიძლება დაკონცენტრირდეს ლამაზი პუბლიკაციის გამოცემაზე და არა მისი შინაარსის სისწორეზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტრუქტურის, არამედ შემდგომ ეტაპზე ამ სტრუქტურაში მოქცეული ინფორმაციის განხილვა, რათა არასახარბიელო ფაქტები მიჩქმალული არ იქნეს. რაზეც სრულებით დავეთანხმეთ. ბატონმა ზურაბ ცქვიტინიძემ გამოთქვა გულისტკივილი იმის გამო, რომ ბოლო წლებში არა მარტო მოისპო გარემოს ფაქტორების მონიტორინგი, არამედ არ ხდება არსეული მასალების დიგიტალიზაცია (იგულისხმებოდა კლიმატის მახასიათებლების გაზომვების შედეგების ისტორიული ბაზა). ბატონმა კახა ნადირაძემ აღნიშნა, რომ სასურველია დოკუმენტზე მომუშავე გარე ექსპერტები მასში მოხსენიებულნი იყვნენ. რაზეც დავეთანხმეთ.

შევთანხმდით, რომ 2 კვირის მანძილზე ექსპერტები გამოგზავნიან კონკრეტულ შენიშვნებს მოხსენების შემოთავაზებულ სტრუქტურასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გამოთქვამენ თავიანთ სურვილს, თუ კონკრეტულად რომელ სექციაზე ან თავზე მუშაობაში სურთ მონაწილეობის მიღება. შესაბამისად, ჩვენ მათ დავაკავშირებთ დოკუმენტის ამ ნაწილზე მომუშავე ჯგუფთან და უზრუნველვყობთ ორივე მხარისთვის მისაღებ თანამშრომლობის ფორმატს.

ექსპერტთა შემდეგი დიდი შეხვედრა შედგება მარტში.

22-28 იანვარი

მე, ტომმა და მაიამ ჩავატარეთ შეხვედრები სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებთან, რომლებიც მოამზადებენ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების ამა თუ იმ თავს. ჩვენი მიზანი იყო შევთანხმებულიყავით მოხსენების ისეთი სტრუქტურაზე, რომლის შევსება დღეს არსებული ინფორმაციის საშუალებით შესაძლებელი იქნება. ამიტომ ვცდილობდით დეტალურად გაგვერკვია, რა ინფორმაცია არის დღესდღეობით ხელმისაწვდომი და როგორი სახით (უბრალოდ ტექსტური აღწერა, ზუსტი ციფრული მონაცემები, რუკები). შემდეგ ვცდილობდით დაგველაგებინა ეს ინფორმაცია ლოგიკურად.

საბოლოოდ შევჯერდით მოხსენების ასეთ სტრუქტურაზე. თუმცა ეს მხოლდ მონახაზია. რეალური ინფორმაციის მიღების შემდეგ შეიძლება ბევრი რამ გადალაგდეს. ხვალ ვაპირებთ ეს სტრუქტურა არაფორმალურ ექსპერტთა შეხვედრაზე განვიხილოთ.

20-21 იანვარი

მე და ტომს გვქონდა ინტენსიური შეხვედრები და მსჯელობები გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან: პოლიტიკის დეპარტამენტის ხალხთან, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის სხვადასხვა სამმართველოს ხელმძღვანელებთან და ბიომრავალფეროვნების სამსახურის წარმომადგენლებთან. ვცდილობთ მივაგნოთ გარემოს ეროვნული ანგარიშების მომზადების ისეთ პროცედურას, რომელიც საქართველოს რეალობაში განხორციელებადი და ამავე დროს მაქსიმალურად ეფექტური იქნება. ყველა თანხმდება იმაზე, რომ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების თემატური თავები/სექციები (ჰაერი, წყალი, მიწა, ნარჩენები, ბიო) შესაბამისი სფეროს ექსპერტის მიერ ან მისი ხელმძღვანელობით უნდა დაიწეროს. თან "სფეროები" უნდა განისაზღვროს უფრო ფართოდ, ვიდრე მაგალითად სამინისტროს ქვედანაყოფების ან თუნდაც თავად სამინისტროს პასუხისმგებლობაა. მაგალითად, წყლის სფერო მოიცავს არა მარტო ზედაპირულ წყლებს (რითაც დღეს შემოიფარგლება სამინისტროს წყლის რესურსების სამმართველოს უფლებამოსილებათა სფერო), არამედ მიწისქვეშა წყლებს, სასმელ წყალს (წყალმომარაგების სისტემიდან და მის გარეშე), ეკონომიკის სხვადასხვა სექტორიდან ყველა ამ წყლების დაბინძურების მიზეზებს. დღევანდელ ქართულ რეალობაში ეს სფეროები სხვადასხვა უწყებებშია გაფანტული და მათგან ინფორმაციის მოკრებაც კი პრობლემატურია. თუმცა შეუძლებელი არაფერია. მაგალითად, ინფორმაციის მოწოდება მოგვარდება, თუ იგივე ინფორმაციის მოწოდების პროცედურა მკაფიოდ გაიწერება სათანადო დონის ნორმატიულ აქტში. თუმცა აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ საჭიროა ინფორმაციის არსებობა/მოგროვება რამენაირად (მ.შ. ფინანსურად) უზრუნველყოფილი იყოს, ანუ რომ იმ უწყებაში, რომელმაც გარემოს მდგომარეობის შესაბამისი სფეროს კოორდინატორს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, ამ ინფორმაციის შეგროვება რეგულარულად ხორციელდებოდეს.

გარდა ამისა, ვიმსჯელეთ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტრუქტურაზე და დიზაინზე. ტომის აზრით 2006 წლის მოხსენების მთავარი ნაკლი ინფორმაციის არასათანადონ წარდგენაშია: ელემენტარულად ბევრი ტექსტია დიაგრამებთან შედარებით (ოპტიმალური შეფარდება იქნებოდა 40% ტექსტი - 60% დიაგრამები და ცხრილები, თუმცა მნიშვნელოვანია რომ ეს უკანასკნელებიც არ იყოს ძალიან რთული და გადატვირთული), და ინფორმაცია არ არის სათანადოდ სტრუქტურირებული. ანუ, სექციებს შორის არ არის მკაციოდ განსაზღვრული მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთკავშირები და არ არის გამოყოფილი პრიორიტეტები (პრიორიტეტული პრობლემები). ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ისაა, რომ ანგარიშს ერთი ადამიანი ამზადებდა. გარემოს მდგომარეობის ანგარიში ზალზედ რთული დოკუმენტია იმისთვის, რომ იგი ერთმა ადამიანმა დაწეროს. თითოეული სფეროს შიგნით მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აღწერა და პრიორიტეტული პრობლემების გამოყოფა აუცილებლად შესაბამისი სფეროს სპეციალისტმა (ან სპეციალისტების ჯგუფმა) უნდა გააკეთოს. შემდგომ რა თქმა უნდა მოხდება ყველაფრის რედაქტირება, ერთ სტილზე გადაყვანა, ლოგიუკრად შეკვრა და ა.შ. _ ეს უკვე მთლიანად ანგარიშზე პასუხისმგებელი ადამიანის საქმეა.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ანგარიშის დიზაინიც. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იგი ფართო საზოგადოებისთვის არის გამიზნული. თუ გვინდა, რომ ადამიანებს არ დაეზაროთ მისი გადაშლა და გარემოს პრობლემების გაცნობა, საჭიროა რომ იგი ვიზუალურად მიმზიდველი იყოს. ამ ეტაპზე ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამოდენიმე დიზაინერულ ფირმასთან თბილისში ანგარიშის დიზაინის მომზადების თაობაზე.

გარემოსდაცვითი სფეროების კოორდინატორებთან დავიწყეთ მუშაობა მოხსენების შინაარსის სტრუქტურის მომზადებაზე. სხვათა შორის, სწორედ ამიტომ გადაიდო არაფორმალურ ექსპერტთა შეხვედრა 29-თვის, გვინდა რომ სტრუქტურის პირველი მონახაზი მზად იყოს ექსპერტების მიერ განსახილველად. სავარაუდოდ ჩვენ მას აქ 28-ში დავდებთ.

განცხადება!!

ექსპერტთა არაფორმალური ჯგუფის შეხვედრა შედგება 29 იანვარს, 12 საათზე, გარემოს დაცვის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში.

18 იანვარი: დაგეგმვა

მე, ტომ სტეფორდს, მაია ჯავახიშვილს და დეპარტამენტის იურისტს, თორნიკე ფულარიანს გვქონდა დაახლოებით 2 საათიანი დაგეგმვითი შეხვედრა. ვიმსჯელეთ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანი ან განსაკუთრებით პრობლემატურია. ძირითადი მოსაზრებები:
  1. ჩვენ გვაქვს ორი სრულებით განსხვავებული ამოცანა: გარემოს მდგომარეობის ანგარიშის მომზადება, რომელიც ბუნებრივია აიგება დღეს რეალურად არსებულ მონაცემებზე და ინდიკატორებზე; და გარემოს ეროვნული ანგარიშების მოზადების წესისა და პროცედურის შემუშავება, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა მონაცემები/ინდიკატორები ექნება საქართველოს სამი წლის შემდეგ. კარგად უნდა გვესმოდეს განსხვავება ამ ორ ამოცანას შორის.
  2. სამომავლო ინდიკატორების შერჩევისას უნდა ვიყოთ რეალისტურები და პრაგმატულები. ანუ არ უნდა ვზომოთ ის, რაც დიდად საჭირო არაა. აგრეთვე არ უნდა მოვითხოვოთ მონაცემი, რომლის გაზომვა ძალიან დიდ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს.
  3. გარემოს ეროვნული ანგარიშის მომზადების აღიარებული მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ თითოეულ თემატურ სფეროს (thematic area, იგულისხმება გარემოსდაცვითი მიმართულებები: ჰაერის დაცვა, წყლის დაცვა, ნარჩენები, მიწის მართვა, ბიომრავალფეროვნების დაცვა) თავისი კოორდინატორი ჰყავდეს. სფეროს კოორდინატორი აგროვებს(ან ხელმძღვანელობს/ორგანიზებას უწევს ამ შეგროვებას) მთელ იმ ინფორმაციას, რომელის ანგარიშში ამ სფეროს წარდგენისთვის საჭიროა. იგი აგრეთვე უზრუნველყოფს მოგროვილი ინფორმაციის გაანალიზებას სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანების მიერ, მონაცემთა ინტერპრეტაციას და დასკვნების მომზადებას.
  4. რაციონალურია, რომ საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებას 5-6 თემატური სფერო ჰქონდეს ( ჰაერის დაცვა, წყლის დაცვა, ნარჩენები, მიწის მართვა, ბიომრავალფეროვნების დაცვა, კლიმატის ცვლილება). სასურველია სამინისტრომ უახლოეს დღეებში დანიშნოს ეროვნული მოხსენების შესაბამისი სფეროს კოორდინატორები. როგორც მოხსენებაზე, ასევე სამომავლო ინდიკატორებზე მუშაობას პროეტი ამ კოორდინატორებთან ერთად გააგრძელებს.
  5. გარდა თემატური სფეროებისა, გარემოს მდგომარეობის მოხსენებებში განხილული არის ხოლმე გარემოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სექტორები (იგულისხმება ეკონომიკის სექტორები: სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, მსხვილი მრეწველობა). ამ განყოფილებების ბედი გარემოს მდგომარეობის ქართულ ანგარიშში ჯობს მოგვიანებით გადაწყდეს (კოორდინატოებთან და დაინტერესებულ გარე ექპერტებთან ერთად).

4-15 იანვარი: დაზვერვა

4-დან 15 იანვრამდე მე და მაია ჯავახიშვილი შევეცადეთ გამოგვეკვლია UNECE-ს მიერ რეკომენდებული გარემოსდავითი ინდიკტორებისთვის (სრული ჩამონათვალი და აღწერა ინგლისურად და რუსულად იხ. აქ, ჩამონათვალი ქართულად იხ. აქ) მონაცემების ხელმისაწვდომობის საკითხი. ჩვენ განვახორციელეთ 15-მდე ვიზიტი გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემის უწყებებში და სტატისტიკის დეპარტამენტში. ქვემოთ შევაჯამებ ძირითად პრობლემატურ საკითხებს:
  1. არ არსებობს ინფორმაცია მიწისქვეშა წყლების (იგულისხმება სასმელი წყალი და არა მინერალური წყალი) რესურსის წლიური განახლების შესახებ, დაბინძურების/სისუფთავის ხარისხის შესახებ, მოხმარების შესახებ;
  2. არ არსებობს ინფორმაცია ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის მიწის საფარის (land cover) ჯამური ფართისა და ცვლილებების შესახებ, ასევე მიწის გამოყენების (land use) სხვადასხვა ტიპების ჯამური ფართისა და ცვლილებების შესახებ;
  3. გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სამმართველო (გარემოს ეროვნულ სააგენტოში) თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზესტაფონში რეგულარულად ზომავს NOx, SO2, CO, Pb და უგზავნის ინფორმაციას სამინისტროს. მალე იწყებენ აგრეთვე ატმოსფერულ ჰაერში მიწისპირა ოზონის კონცენტრაციის გაზომვებს. თუმცა PM10-ის გაზომვას კიდევ დიდხანს ვერ შეძლებენ;
  4. ჰაერის გამზომი პუნქტების მცირე რაოდენობის გამო (ქალაქში თითო) ძალიან რთულია დაბინძურებულ ჰაერის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოსახლეობის რაოდენობის შეფასება. თბილისში მაგალითად ჯერ-ჯერობით სულ 1 სადგურია, აღმაშენებლის და თამარ მეფის ქუჩების გადაკვეთაზე, რომელიც ხშირად აჩვენებს დაშვებული კონცენტრაციების გადაჭარბებას. შეუძლებელია ამ მონაცემის საფუძველზე დავასკვნათ, რომ მთელ თბილისში ასეთივე დაბინძურებული ჰაერია. ორ თვეში ამოქმედდება კიდევ ორი გამზომი პუნქტი თბილისში. შეიძლება ვნახოთ განსხვავება დაბინძურების მნიშვნელობაში და იქნებ ამის მიხედვით შევაფასოთ დაბინძურებულ ჰაერში მცხოვრებ თბილისელთა რაოდენობა.
  5. დღეების რიცხვი წელიწადში, როდესაც დამბინძურებელთა კონცენტრაცია ჰაერში დაშვებულს აღემატებოდა დგინდება ერთჯერად მაქსიმალურ ზდკ-სთან შედარებით, და არა საშუალო დღიურ ზდკ-სთან. ეს ინფორმაცია საკმარისი არაა, რადგან მაგალითად SO2-თვის ერთჯერადი მაქსიმალური ზდკ 10-ჯერ მეტია საშუალო დღიურ ზდკ-ზე. სამომავლოდ ალბათ საჭიროა აგრეთვე იმ დღეების რაოდენობა, როცა დღიური საშუალო ზდკ იყო გადაჭარბებული. გადაწარბებათა საშუალო სიდიდის გამოანგარიშება არ ხდება.
  6. ზედაპირული წყლების ხარისხი იზომება მხოლოდ მდინარეებში, 44 წერტილში. ზომავენ ჟანგბადის კონცენტრაციას, ჟბმ-ს, ამონიუმის აზოტს, ფოსფატების და ნიტრატების კონცენტრაციას, ოთხი მეტალის კონცენტრაციას (Fe, Cu, Mn, Zn). ჯამური ფოსფორი და ნიტრატები არ იზომება. გაზომვების შედეგების შეჯამება ყოველთვიურად ეგზავნება სამინისტროს.
  7. წყლის რესურსების დაცვის სამმართველო რეგულარულად ამზადებს ანგარიშებს წყალსარგებლობის შესახებ. აქ არის მონაცემები წყალაღების შესახებ (როგორც ზედაპირული, ასევე მიწისქვეშა წყლების), წყლის დანაკარგების შესახებ და ჩაშვებულ წყლებში გაწმენდილი წყლების წილის შესახებ. თუმცა აქ არ არის გათვალისწინებული წყლის წვრილი მომხმარებლები (ამიტომ ზემოთ დავწერე, რომ მიწისქვესა წყლების რეალური მოხმარება უცნობია).
  8. ჰაერის დაცვის სამმართველო რეგულარულად ამზადებს ანგარიშებს მსხვილი სტაციონარული ობიექტებიდან (სულ 895) ატმოსფეროში გაფრქვეულ დამბინძურებელთა შესახებ. ძირითადად იანგარიშება მტვერი, SO2, NOx, CO, ნახშირწყალბადები ჯამურად. PM10-ის გაფრქვევაშა შეფასება არ ხორციელდება. ტრანსპორტის გაფრქვევათა აღრიცხვა ან შეფასება სამმართველოს არ ევალება.
  9. არ არსებობს ინფორმაცია სამრეწველო ნარჩენების წლიური წარმოქმნის ან რეციკლირების მოცულობების შესახებ. მუნიციპალურ ნარჩენებზე მიახლოებითი მონაცემები არსებობს.
  10. გარემოს დაცვის სამინისტროს ახალი დამტკიცებული აქვს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ინდიკატორები. ეხლა მიმდინარეობს შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეფასება და ინდიკატორების ამოქმედების განრიგის შედგენა.
  11. სტატისტიკის დეპარტამენტს არ გააჩნია ინფორმაცია ენერგიის მოხმარების შესახებ, სამგზავრო ავტომობილების მგზავრბრუნვის შესახებ;
  12. სტატისტიკის დეპარტამენტი რეგულარულად ახორციელებს ფერმერთა მეურნეობების და ბიზნეს-საწარმოების შერჩევით შესწავლას. აქვთ ინფორმაცია მინერალური და ორგანული სასუქების მოხმარების შესახებ (მოცულობა, ფართობი). თუმცა საწარმოების შესახებ მოხმარებული ენერგიის მარტო ფასს აფასებენ და არა თვითონ ენერგომატარებლის რაოდენობას.

უახლოესი გეგმები

2010 წლის 18 იანვიდან 30 იანვრის ჩათვლით ბ-ნი ტომ სტეფორდი საქართველოში იქნება და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში იმუშავებს.

სავარაუდოდ 26-27 იანვარს გაიმართება დაინტერესებულ ექსპერტთა პირველი შეხვედრა, გარემოს დაცვის სამინისტროს სხდომათა დარბაზში.

დაინტერესებული ექსპერტები

CENN ქსელით გავრცელებული განცხადების პასუხად პროექტის არაფორმალურ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის სურვილი შემდეგმა ექსპერტებმა გამოთქვეს:
  1. ქეთი გუჯარაიძე, ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა";
  2. ბეჟან ჭანკვეტაძე, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკური და ანალიტიკური ქიმიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი, მეცნ. აკად. წევრ-კორესპოდენტი;
  3. გიგლა თამაზაშვილი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საველე საკონსტრუქტურო სამსახურიუფროსი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი;
  4. ზაურ ჩანქსელიანი, სსიპ აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი;
  5. მამუკა მიქელაძე, სსიპ აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი, რადიოეკოლოგიისა და მოდელირების ლაბორატორიის გამგე, სამეცნიერო საბოს ავმჯდომარე;
  6. ხათუნა ხმალაძე, სამცხეჯავახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
  7. თენგიზ ურუშაძე, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტი;
  8. თემურ ვეკუა, დამოუკიდებელი ექსპერტი;
  9. მარატ ციცქიშვილი, საქართველოს ეკოაკადემია;
  10. ზურაბ ცქვიტინიძე, ეკოუსაფრთხოებისსაზოგადოება;
  11. ომარ ჯანელიძე, ბუნების დაცვის საზოგადოება;
  12. გოგი მახარაძე, საპატრიარქოს უნივერსიტეტი;
  13. ნანა დვალიშვილი, ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბიოლ.მეცნ.დოქტორი;
  14. კახა ნადირაძე, ბიოტექნოლოგიის ცენტრის დირექტორი;
  15. მალხაზ ძნელაძე, WWF-ის კავკასიის ოფისი;
  16. თამარ პატარიძე, რეგიონული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის მომზადების გარემოსდაცვით სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;
  17. გია სოფაძე, „ეკო-ხედვა“;
  18. ქეთი ცხაკაია, „სპექტრი“;
  19. ნინო ქოქიაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფიზიკური და ანალიზური ქიმიის მიმართულება, ქ.მ.დ.;
  20. ნანა ჯანაშია, CENN;
  21. ბიძინა სავანელი, დამოუკიდებელი ექსპერტი;
  22. მარინა გახუტიშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტი;
  23. მანანა წულაია, "ელკანა";
  24. ნინო არჩვაძე, ბიოლ.მეცნ.დოქტორი, ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;
  25. რუსუდან ინწკირველი, ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო კვლევების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
  26. ნინო ჩხობაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა.