პროექტის შესახებ

პროეტის დასახელებაა: “Support to improvement of environmental governance in Georgia”, ქართულად: "საქართველოში გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების ხელშეწყობა".

პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ.

გათვალისწინებული საქმიანობები (იხ.
ტექნიკური დავალება):
  1. გარემოს მდგომარეობის ანგარიშის შედგენის ახალი წესების მომზადება. წესები უნდა დაეყრდნოს წინასწარ დადგენილ გარემოსდაცვით ინდიკატორებს.
  2. გარემოს მდგომარეობის ანგარიშის (ან, რაც იგივეა "გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების") მომზადება. მომზადდება 2007-2009 წლების ანგარიში.
  3. საქართველოს გარემოს დაცვისთვის ევროკავშირის დახმარების სფეროების განსაზღვრა.
პროექტი სულ 7 თვიანია. დაიწყო 2009 წლის 20 დეკემბერს და დასრულდება 2010 წლის ივლისში.

პროექტის ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული იყო სულ 3 ექსპერტის დაქირავება: 2 საერთაშორისო და ერთი ადგილობრივი ექსპერტის. გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა ფირმამ AFC Consultants International GmbH. ამ ფირმის საკონკურსო წინადადებაში მითითებული იყო შემდეგი ექსპერტები:
  1. საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც პასუხისმგებელია ეროვნული მოხსენების მომზადებაზე: ბ-ნი ტომ სტეფორდი, Tom Stafford, რომელიც მუშაობს ირლანდიის გარემოსდაცვით სააგენტოში და ეროვნული მოხსენებების და გარემოსდაცვითი ინდიკატორების ცნობილი ექსპერტია.
  2. საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს გარემოს დაცვისთვის ევროკავშირის დახმარების სფეროების განსაზღვრაზე: ბ-ნი პოლ-დევიდ გორიუპი, Paul David Goriup.
  3. ეროვნული ექსპერტი, რომელიც ამ ორივე საერთაშორისო ექსპერტს უნდა დაეხმაროს: ლია თოდუა (თქვენი მონა მორჩილი), საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრიდან.
მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას: პროექტი არ შეიმუშავებს გარემოს მდგომარეობის ანგარიშს _ იგი მხოლოდ დაეხმარება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ანგარიშის მომზადებაში. ეს ნიშნავს, რომ პროექტი არ დაიქირავებს კონსულტანტებს ანგარიშში შესატანი მონაცემების მოსაგროვებლად და არც რაიმე სხვა გზით აანაზღაურებს მონაცემთა მოგროვების საქმიანობას _ მონაცემები ეროვნული ანგარიშისთვის მოგროვდება სამინისტროს მიერ, იმ ჩვეულებრივი პროცედურით, რომლითაც ადრე (წინა წლების ეროვნული მოხსენებებისთვის) გროვდებოდა. პროექტი დაეხმარება სამინისტროს იმის განსაზღვრაში, თუ რა მონაცემები უნდა მოგროვდეს, აგრეთვე მოგროვილი მონაცემების დამუშავებასა და მოხსენების პროექტის მომზადებაში. გათვალისწინებულია მოხსენების გამოცემაც.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუსრების სამინისტროს მხრიდან პროექტთან თანამშრომლობს გარემოს დაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, საკონტაქტო პირი: მაია ჯავახიშვილი.

პროექტი ითვალისწინებს დაინტერესებულ ექსპერტთა არაფორმალური სამუშაო ჯგუფის შექმნას და მათთან რეგულარულ კონსულტაციებს. შესაბამისი განცხადება წინა კვირაში გავრცელდა CENN ქსელით და უკვე 25-მა ქართველმა ექსპერტმა გამოთქვა ამ ჯგუფში მონაწილეობის სურვილი. თუმცა ჯგუფი ღიაა მათთვისაც, ვინც მოგვიანებით შემოგვიერთდება.

No comments:

Post a Comment