29 იანვარს, 12 საათზე, გარემოს დაცვის სამინისტროს დარბაზში გაიმართა პროექტის შეხვედრა გარე ექსპერტებთან. ესწრებოდა 12 ექსპერტი: ოთხი ქალბატონი თბილისის ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან: მარინა გახუტიშვილი, ნინო კოკიაშვილი, ნინო არჩვაძე და ნანა დვალიშვილი; მეცნიერებათა აკადემიიდან ბ-ნი გიზო ურუშაძე, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან: ირაკლი ქობულია (CENN), კახა ნადირაძე (ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია, AFRD), გია სოფაძე (ეკოხედვა), ზურაბ ცქვიტინიძე (ეკოლოგიური უსაფრთხოების საზოგადოება), მარატ ციცქიშვილი და გიორგი მახარაძე (ეკოაკადემია), ქეთი გუჯარაიძე (მწვანე ალტერნატივა). სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი იყო გარემოსდაცვითი პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი (ნინო შარაშიძე, მაია ჯავახიშვილი და ხათუნა ჩიკვილაძე), კლიმატის ცვლილების სამმართველო (მედეა ინაშვილი) და ჰაერის დაცვის სამმართველო (ნოე მეგრელიშვილი). ვიყავით მე და ტომ სტეფორდიც.
ვინაიდან ეროვნული მოხსენების სტრუქტურის ტექსტი მხოლოდ შეხვედრის წინა საღამოს დაეგზავნა ექსპერტებს, მოლოდინი იმისა, რომ ისინი შეხვედრაზევე წარმოადგენდნენ კონკრეტულ შენიშვნებს, არ ყოფილა. ვიმსჯელეთ ზოგადად პროცესზე და შემდგომი მუშაობის ფორმატზე. ქეთი გუჯარაიძემ აღნიშნა, რომ მისთვის მისაღებია პროექტის გამჭვირვალობის ასეთი ფორმატი (ბლოგი და მასზე განთავსებული დოკუმენტები, ასევე ანგარიშები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როდის რას აკეთებს პროექტი), ბატონმა გიზო ურუშაძემ კი დაამატა, რომ კარგი იქნებოდა, თუ სამინისტროს სხვა პროექტებიც მიბაძავდნენ ამ მაგალითს. ბატონმა მარატ ციცქიშვილმა გამოთქვა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ პროექტი შეიძლება დაკონცენტრირდეს ლამაზი პუბლიკაციის გამოცემაზე და არა მისი შინაარსის სისწორეზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტრუქტურის, არამედ შემდგომ ეტაპზე ამ სტრუქტურაში მოქცეული ინფორმაციის განხილვა, რათა არასახარბიელო ფაქტები მიჩქმალული არ იქნეს. რაზეც სრულებით დავეთანხმეთ. ბატონმა ზურაბ ცქვიტინიძემ გამოთქვა გულისტკივილი იმის გამო, რომ ბოლო წლებში არა მარტო მოისპო გარემოს ფაქტორების მონიტორინგი, არამედ არ ხდება არსეული მასალების დიგიტალიზაცია (იგულისხმებოდა კლიმატის მახასიათებლების გაზომვების შედეგების ისტორიული ბაზა). ბატონმა კახა ნადირაძემ აღნიშნა, რომ სასურველია დოკუმენტზე მომუშავე გარე ექსპერტები მასში მოხსენიებულნი იყვნენ. რაზეც დავეთანხმეთ.
შევთანხმდით, რომ 2 კვირის მანძილზე ექსპერტები გამოგზავნიან კონკრეტულ შენიშვნებს მოხსენების შემოთავაზებულ სტრუქტურასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გამოთქვამენ თავიანთ სურვილს, თუ კონკრეტულად რომელ სექციაზე ან თავზე მუშაობაში სურთ მონაწილეობის მიღება. შესაბამისად, ჩვენ მათ დავაკავშირებთ დოკუმენტის ამ ნაწილზე მომუშავე ჯგუფთან და უზრუნველვყობთ ორივე მხარისთვის მისაღებ თანამშრომლობის ფორმატს.
ექსპერტთა შემდეგი დიდი შეხვედრა შედგება მარტში.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment